LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმალაძე: გზების მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება

76

მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯები ჯამურად, 338 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც 2017 წლის ხარჯებს 41 მლნ ლარით აღემატება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებს აცნობს.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილი 861 მლნ ლარს შეადგენს, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიღებული 14 მლნ ლარი ემატება.

„აღნიშნულ ხარჯებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებში – 12 მლნ; სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შემადგენლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, ჯამში 22 მლნ ლარამდე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში წელსვე იქნება მობილიზებული. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ არის მოცემული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის 11 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომელიც 2018 წლის განმავლობაში, ჯამში 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას მოიცავს; საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის – 7,4 ლარი დაიხარჯება; საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის კი – 28,5 მლნ ლარი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები