დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჰიდროელექტროსადგური „ხობი 2 ჰესი“ ოფიციალურად გახსნეს.
პროექტი შპს-მ „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ განახორციელა და ის საკმაოდ მასშტაბურია – სადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ს, ხოლო ელ. ენერგიის წლიური გამომუშავება, დაახლოებით, 200 მლნ კვტ საათს შეადგენს. ამ პარამეტრებით „ხობი 2 ჰესი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ჰესების პირველ ხუთეულში შედის. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები აქვს, უპირველესად, ჰესების მიმართულებით, რადგან ქვეყანას 26 ათასზე მეტი მთის მდინარე გააჩნია და საჭიროა ამ რესურსების ათვისება. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგოსისტემის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპასთან დაკავშირებადობის და ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ჰესის გახსნის ღონისძიებაზე რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ჰესის ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. კერძოდ, ჰესს ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 2.5 მლნ ლარი შეაქვს, მშენებლობის პროცესში დასაქმდა რამდენიმე ასეული ადამიანი, დღეისთვის კი 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. ამასთან, ინვესტორმა კომპანიამ სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ პროექტებში უკვე დახარჯა 408 000 ლარი, მათ შორის აღსანიშნავია თანამედროვე სპორტული კომპლექსი, რომელსაც ის სოფელ მუხურის მოსახლეობას უშენებს და საჩუქრად გადასცემს.