პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო ზეწოლა ამერიკის შეერთებულ შტატების დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე“ – ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს მიმართავს
„ეს იყო ამაზრზენი ფაქტი. მან [ჩხიკვაძემ] მაშინ ეს გადაიტანა და იქიდან გამომდინარე, რომ მართალი იყო, არანაირ რეპლიკა არ გააკეთა. ის რომ ახლა, ამ სიტუაციაში, როდესაც ანალოგიური რამ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან განმეორდა და ხდება ზეწოლა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც ეს საკითხი უნდა განიხილოს, ამით გადაეღობა, გადაუდგა თავის მეგობრებს, დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და თქვა ის, რაზედაც თავის დროზე თავი შეიკავა“, – განაცხადა ხოფერიამ.
მისი თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„8 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი და არასოდეს მიგვიცია ჩვენი თავისთვის უფლება, მოსამართლისთვის მოგვეწოდებინა როგორი განაჩენი უნდა გამოიტანოს მან
და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი მიდის, სთხოვს მასალებს, „იბარებს ატჩოტს“. შემდეგ ამას მოჰყვება რეაგირება, ის, რომ მის მიმართ იყენებენ სანქციას, ანუ სჯიან. დასაჯეს, როგორც პატარა ბავშვი. ამას ამბობს ჩემი ქვეყნის მოსამართლე და ამის შემდეგ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ქალბატონი დეგნანი და ამბობს, რომ ეს არის ტყუილი. ასეთი სიმძიმის არადიპლომატიური, არაპოლიტიკური, არაჰუმანური აქტი ჩემს ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა. ამას სჭირდება ხანგრძლივი მსჯელობა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური რეაგირება“, – განაცხადა ხოფერიამ.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა “არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული” იყო.