LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ფილმს პირველი არხი 19 ივნისს გაუშვებს

89

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე  გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებულ ფილმს “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” პირველი არხი ხვალ, 19 ივნისს გაუშვებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო “აბსურდს” უწოდებს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმის ჩვენება არხმა დაბლოკა. მათი თქმით, ფილმი არ აკმაყოფილებდა ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. ფილმის ეთერში გაშვების გადაწყვტილება კი იმიტომ მიიღეს, რომ ზაზა სარალიძეს არ ქონდეს განცდა იმის, რომ არხი მისი შვილის მკვლელობის შესახებ რაიმე ინფორმაციას მალავს.

” რასაკვირველია, ფილმის დაბლოკვაზე ან რაიმე მსგავს ქმედებაზე საუბარი სრული აბსურდია, თუმცა, იმის გამო, რომ ტრაგედიის სიმძიმიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვერიდებით პასუხის გაცემას ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ ბრალდებებზე, შეიძლება ვიღაცას მართლაც ეგონოს, რომ პირველ არხზე იბლოკება ფილმი, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აქამდე უცნობია გამოძიებისთვის და საზოგადოებისთვის. ის, რომ პირველი არხი, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობს, იმთავითვე სრულიად გამორიცხულია, რაც მარტივი მისახვედრია, ვინაიდან, სწორედ პირველმა არხმა აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?!” სწორედ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, რათა შვილმკვდარ მამას არ ქონდეს განცდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ინფორმაციას მალავს, ამასთანავე, არ გაგრძელდეს სხვადასხვაგვარი სპეკულაციებით საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა, პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ 19 ივნისს, 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაუშვას ეს ფილმი”,- აღნიშნულია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს განცხადებით, ფილმი გადაეგზავნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მაუწყებლის სამერვეო საბჭოს.

“ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და, ამ პირობებში, ცხადია, ვერანაირი ფაქტი ვერ დაიმალებოდა. ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ წესით აქ კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც ისმის ბრალდება, რომ ფილმს ვბლოკავთ. ნათელია, რომ ვიღაცისთვის მთავარი სწორედ ეს აჟიოტაჟია და არა სიმართლის დადგენა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბატონმა ზაზა სარალიძემაც დაიჯერა, რომ პირველი არხი რაღაცას მალავს და ამიტომ არ უშვებს ფილმს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდება, თითქოს ტელევიზია ფილმს ბლოკავს, ერთ თვეზე მეტია ისმის. ფილმი ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც აქციებზე და სოციალურ ქსელებში, ცალკეული ადამიანები მიზანმიმართულად ამტკიცებდნენ, რომ ფილმი იბლოკებოდა. რასაკვირველია, ეს სიცრუე ვრცელდებოდა განზრახ, აჟიოტაჟის ასატეხად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. დღეს, 18 ივნისს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. საუბარი შეეხო “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებულ ფილმს “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”. ზაზა სარალიძემ გამოხატა რწმენა, რომ ფილმის ეთერში განთავსება იზღუდება პოლიტიკური მოტივით, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ამდენად პირველი არხის მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ, დღეს, ტელევიზიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო საპარლამენტო კომისიის დასტური, რომ ამ ფილმის გაშვება ძიებას ხელს არ შეუშლის. იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციებსაც”-აღნიშნულია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის თორმეტ საათამდე აძლევდა ვადას იმ ფილმის გასაშვებად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქციებს აანონსებდა.სარალიძის თქმით, ამ ფილმში ასახულია ყველა ის რეალური გარემოება, რაც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს და მას შემდეგაც მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g