პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში ამ კვირაში მივა. პარტია ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესრულების მონიტორინგის მიზნით, გახარიას პარლამენტში დაბარებას ითხოვდა. კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დღესვეა შესაძლებელი კონსულტაციის საფუძველზე შეთანხმდეს შეხვედრის თარიღიც.
„ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების საკითხს. ორი კვირის წინ დარეგისტრირდა და ეს არ არის არც ბიუროს დღის წესრიგში და არც განხილული ყოფილა. რატომ არ არის და როდის დაიგეგმება ამის განხილვა?
ამ თემასთან დაკავშირებით ასევე მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა მინისტრი. მოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო თანხმობა. მაინტერესებს როდის მოვა შს მინისტრი? მაგალითად, ამ კვირაში მოახერხებს თუ არა მოსვლას და უმცირესობასთან შეხვედრას?“, – მიმართა სერგი კაპანაძემპარლამენტის თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, კოლეგებს შს მინისტრის პარლამენტში მისვლის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები შესთავაზა. „რეგლამენტს რაც შეეხება, კომიტეტს ჯერ არ განუხილავს და ეს არის მიზეზი. რაც შეეხება შეხვედრას, მოგახსენებთ, რომ შს მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაშივე შედგება და შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, – აღნიშნა კობახიძემ.