საქართველოში ხორბლის მარაგის რაოდენობა საყურადღებო პარამეტრებთანაა მიახლოებული და მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადასვლის შემთხვევაში, საქმე სასურსათო უსაფრთხოებას შეეხება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.
როგორც ლევან სილაგავამ თქვა, რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა, ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე და „ეს საყურადღებო სიტუაციაა“.
„მარაგების მხრივ დღეს კატასტროფა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყურადღებო პარამეტრებთან მიახლოებული. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, საით წავიდეთ. რამდენიმე წისქვილკომბინატმა უკვე დაიწყო ფქვილის შემოტანა ხორბლის შემოტანის შემცირების ხარჯზე – გადავიდა იმპორტზე. ეს არის ძალიან საყურადღებო სიტუაცია. მთავრობის ყველა შტო საქმის კურსშია და უახლოეს მომავალში ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი თქმით, უნდა შემუშავდეს მსოფლიოში მიღებული მექანიზმები. „იმპორტირებული ფქვილი ამ დროისთვის იაფია, თუმცა გრძელ ვადაში გარკვეული პრობლემების შექმნის დროს უფრო სერიოზულად და მყისიერად ურტყამს ფქვილის და პურის ფასს. აქედან გამომდინარე, ბალანსი ისაა, რომ შემუშავებული იყოს მექანიზმები, რომელიც მსოფლიოში მისაღებია – ეს არის გარკვეული სატარიფო კვოტები და იმ რაოდენობის ფქვილის ლიცენზირების გაყიდვა, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას არ დააზიანებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ .
მისივე თქმით, წიქვილკომბინატები არჩევანის წინაშე არიან – გადაამუშავონ ხორბალი, თუ ფქვილის იმპორტზე გადაერთონ.