LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში მსოფლიოში პირველი ჰალსტუხის მუზეუმი გაიხსნა

108
ქირიას NEWS შაბლონი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიხსნა Cravaticum – მსოფლიოში პირველი მუზეუმი რომელიც ჰალსტუხს ეძღვნება. ეს აქსესუარი, ისტორიკოსების ინფორმაციით, სწორედ ხორვატიაში გაჩნდა და დროთა განმავლობაში მსოფლიო მოდის ნაწილად იქცა. ექსპოზიცია ჰალსტუხის არა მხოლოდ სტილზე, არამედ მის კულტურულ მნიშვნელობაზეც მოგვითხრობს – ის ქვეყნისთვის დღემდე ეროვნული სიმბოლოა .

ჰალსტუხის ისტორია XVII საუკუნიდან იწყება და დაკავშირებულია ხორვატ ჯარისკაცებთან. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ომში წასვლისას ისინი საყვარელი ადამიანებისგან იღებდნენ კისერზე შესაკრავ შარფებს, რომლებიც სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო იყო და პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა – მაგალითად, ჭრილობის შესახვევად.

ოცდაათწლიანი ომის დროს ხორვატმა კავალერიამ ეს ტრადიცია პარიზში ჩაიტანა. კისერზე შეკრული შარფები მალევე იქცა სამეფო კარის მოდურ სიახლედ.

განსაკუთრებული როლი ითამაშა ლუი XIV, რომელმაც ჰალსტუხი კარის სტილის ნაწილად აქცია და ევროპულ კულტურაში დაამკვიდრა. ითვლება, რომ სწორედ მის დროს გაჩნდა სპეციალური თანამდებობაც, რომელიც ჰალსტუხის არჩევასა და შეკვრაზე იყო პასუხისმგებელი.

თავად სიტყვა „cravat“-იც ხორვატიასთან არის დაკავშირებული – ფრანგებმა სიტყვა „Croate“ („ხორვატი“) საკუთარი გამოთქმის მიხედვით გარდაქმნეს, რის შედეგადაც ტერმინი ევროპულ ენებში დამკვიდრდა.

მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის ჰალსტუხები – XVII საუკუნიდან დღემდე, ასევე ინსტრუქციები ყველაზე პოპულარული კვანძების შეკვრისთვის და ინფორმაცია აბრეშუმის შესახებ, როგორც ამ აქსესუარის ერთ-ერთი მთავარი მასალის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები