2 თებერვალს, პარტია “დროას” წარმომადგენლები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან. ისინი შეხვედრებს რადას წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან გამართავენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. უკრაინელ კოლეგებთან განხილვის საგანი ასევე იქნება დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილი.
“„დროას“ დელეგაცია კოორდინაციაში იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ასევე აპირებენ უკრაინაში გამგზავრებას. გაიმართება რამდენიმე ერთობლივი შეხვედრაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ელენე ხოშტარია მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად დროშებზე ხელმოწერების გაკეთებასა და მათ კიევში წაღებას სთავაზობს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტთან შეიკრიბებიან.
“მეგობრებო, გთავაზობთ ასეთ რამეს: ხვალ 12 საათიდან 3 საათამდე რუსთაველზე პარლამენტის წინ გამოვიტანთ საქართველოსა და უკრაინის დროშებს, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოაწეროთ ხელი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად და ამ დროშას ჩვენ წავიღებთ კიევში და გადავცემთ რადას წევრებს. საშუალება გექნებათ, ამ სახით გაუგზავნოთ მხარდაჭერა უკრაინელებს და დააფიქსიროთ საქართველოს პოზიცია”, — წერს ხოშტარია.