27 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა პირადი ცხოვრება და ურთიერთობები იყო. ანზორ ოდიშარიამ ზოდიაქოს ოთხივე სტიქიის წარმომადგენლების თავისებურებები და დამოკიდებულებები განიხილა, პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში.
-დღეს ვსაუბრობთ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა პირადი ცხოვრება და ურთიერთობები.
-დიახ, რადგან დიდია ინტერესი ამ თემის მიმართ და ბევრი კითხვა შემოდის ამ საკითხზე. ერთ-ერთი მსმენელი იმასაც გვეკითხება, არსებობს თუ არა ბედისწერა. თითოეული ჩვენი მოქმედება ქმნის ჩვენს ხვალინდელ დღეს, მომავალს, ყველა თქვენი ქმედება, ფიქრი, არის თქვენი მომავალი, ამიტომაც აკონტროლეთ ისინი და იცოდეთ, რა რისი მომტანია.
-ხშირად ადამიანი გასცემს პოზიტივს, არის კმაყოფილი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი მაინც თავდაყირა დგება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რაღაცას მაინც არასწორად აკეთებს?
-ადამიანზეა დამოკიდებული მისი შინაგანი სამყარო, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მასზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს, როგორ შეაფასებს მოვლენებს, მაგრამ ის რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, სოციალური თუ პარტნიორული ურთიერთობები, ოჯახი და ა.შ. ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გვქონდეს სწორი ურთიერთობა, სწორი დამოკიდებულება, ეფექტური კომუნიკაცია, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი და მოვაწესრიგოთ ეს ქაოსი, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დღეს პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და პარტნიორულ ურთიერთობებშიც ხდება, რომ ყველაფერს დებ პარტნიორში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ იღებ, ის არ ამართლებს შენს მოლოდინებს. შეიძლება პარტნიორზე ფიქრობდე, რომ ერთგული, სანდრო ადამიანია, მაგრამ არ აღმოჩნდეს ასეთი.
-ხშირად ადამიანებს ასეთ შემთხვევებშიც კი უჭირთ ურთიერთობის დასრულება, მაგრამ ასეთ დროს, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი სწორედაც, რომ ყველაფრის დასრულებაა…
-დასრულება არ არის გამოსავალი. წარმოიდგინეთ, დედა, რომელსაც ცუდი შვილი ჰყავს. მიატოვებს დედა შვილს იმის გამო, რომ რაღაც შეცდომები დაუშვა? ის ეცდება ბოლომდე მის გვერდით იყოს და გამოასწოროს ის. ადამიანი თუ გიყვარს, თუ ხედავ, რომ ის ვითარდება და მას ეს გამოცდილება სჭირდება, მაშინ უნდა გაუგო, თუმცა ყველაფერი მარტო სიყვარულზე არ დგას. პარტნიორული ურთიერთობა ვნებაზე, განცდაზე, პასუხისმგებლობაზე, გაცემა-მიღებაზე და ა.შ. არის ორიენტირებული, შესაბამისად, ადამიანებს უჩნდებათ კითხვა თუ რატომ უნდა მოითმინონ არასასურველი რაღაცები და ინგრევა ურთიერთობა.
-ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არასწორად ვირჩევთ პარტნიორს?
-არა, პარტნიორის არასწორად არჩევა ძალიან იშვიათია, უფრო ხშირია არასწორი დამოკიდებულება, არასწორი კომუნიკაცია, არასწორი აღქმა. ყველა ადამიანს აქვს უნარი იზრუნოს, ყველაზე ბოროტ ადამიანსაც შეუძლია და უნდა, რომ ვინმე უყვარდეს და ვინმეს უყვარდეს, პარტნიორული ურთიერთობის სურვილი ყველას აქვს. ურთიერთობაში ძირითადად იმიტომ ჩნდება პრობლემები, რომ არის არასწორი მოლოდინები. ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რა როლი აქვს ამ ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში და რას უნდა ველოდოთ ამ ურთიერთობისგან. ხშირად ადამიანები ახშობენ ერთმანეთის განვითარებას, შხამიანი ენერგიით წამლავენ ერთმანეთს. პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ კითხვა: „რა გჭირს, რატომ შეიცვალე?“ თუ არ შევიცვლებით, მაშინ ვდეგრადირდებით. აუცილებლად უნდა შევიცვალოთ, განვითარდეთ, წავიდეთ წინ, გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ან საწინააღმდეგოდ, უარესი ვერსია, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ პარტნიორულ ურთიერთობაში როგორ ვურთიერთობთ და რა გვინდა ერთმანეთისგან. ხშირად ადამიანებს სურთ, რომ მეორე ადამიანი ბოლომდე მათ ეკუთვნოდეთ და უბრალოდ „ნივთი“ იყოს, უკეტავენ განვითარების და რეალიზების ყველა შესაძლებლობას. ზუსტად ამ დროს ჩნდება შინაგანი აფორიაქება, შფოთვა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და გაქცევის სურვილი. ქალბატონები ხშირად კითხულობენ ხოლმე მამაკაცებზე თუ რატომ გარბიან ისინი სხვა ქალებთან.
ურთიერთობაში ცეცხლის ნიშნებს, ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს აქვთ მიზანი, რომ თავისი კვალი დატოვონ ყველგან. მათ უნდათ, რომ თავიანთი ენერგია იყოს ყველგან და იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ურთიერთობისას ისინი იპყრობენ პარტნიორს. როცა მათთვის საინტერესო ახალი ენერგია შემოდის, მათი ცეცხლი უფრო ძლიერდება. შეიძლება ეს ურთიერთობა არ იყოს სერიოზული და არ ჰქონდეს განსაკუთრებული გაგრძელება, მაგრამ პატარა ფლირტის ენერგიაც კი აძლიერებს, ახელებს და უფრო პროდუქტიულს ხდის მათ. ცეცხლის ნიშნებს ძირითადად საზრუნავი ობიექტები სჭირდებათ. მათ სჭირდებათ იცოდნენ თუ საით წავიდნენ, რა და რატომ გააკეთონ. თუ ისინი ვინმეზე ზრუნავენ, ფიქრობენ, აქვთ რაღაც მიზანი, უფრო ძლიერად იწვიან და უფრო კარგად მიდიან წინ. ისინი ძალიან ერთგულები არიან, არ ტოვებენ პარტნიორებს, თუმცა თავს ირთობენ. ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ჩაკეტილი და სივრცეში შეზღუდული ჩაქრება და არაფრის მომცემი იქნება, ამიტომ მათ სჭირდებათ გახსნილობა.
რაც შეეხებათ ჰაერის ნიშნებს, ტყუპებს, სასწორს და მერწყულს, ისინი დამოუკიდებლები, ჰაეროვნები, მოძრავები არიან. ჰაერის ნიშნებსაც არ შეუძლიათ შეზღუდულობა, ამიტომ ცეცხლის და ჰაერის ნიშნები ერთმანეთს კარგად ეწყობიან, ეკონტაქტებიან, ეს ორი ენერგია ერთმანეთს ართობს, აძლიერებს. მაგრამ თუ დიდი ქარია და დიდი ცეცხლი, ცეცხლი ჟანგბადს ჭამს, ჰაერმა კი შეიძლება ჩააქროს ან იმდენად გააძლიეროს ცეცხლი, რომ მერე ვეღარც დაამშვიდოს. მათ იმ დონეზე უნდა მიაღწიონ თავისუფლებას, რომ ერთმანეთი არ დაავიწყდეთ, რაც საკმაოდ ხშირია. სხვათა შორის, მერწყულები ადვილად უმეგობრდებიან პარტნიორებს. ახალგაზრდა ასაკში ურთიერთობას ურთიერთობის ფორმატით არ იწყებენ და ეს მათი პრობლემაა. იწყებენ მეგობრობით, მხარდაჭერით, ურთიერთობაში ისეთ ფორმას ნახულობენ, რომ შეიძლება პარტნიორმა ბოლომდე შეყვარებულად ვერ აღიქვას, ამიტომაც ეს გამოსასწორებელია. უნდა ისწავლოთ თქვენი როლი, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ ამ ურთიერთობაში. ვნებას თუ სწორი ფორმა არ მიეცა, სიყვარულში არ გადავა და სიყვარული არ გადავა გამოცდილებაში, ურთიერთობა ვერ განვითარდება. ურთიერთობამ ყველა ფაზა უნდა გაიაროს, რომ იქცეს ჰარმონიულ, ძლიერ, წარმატებულ სასიყვარულო ურთიერთობად. თუ ვნება ჩაქრება, არ გადაიზრდება სიყვარულში, გადაიზრდება მიჩვევაში.
მიწის ნიშნებს, კუროს, თხის რქას, ქალწულს, სჭირდებათ გარანტიები, მათ უნდა იცოდნენ, რომ მუდამ მათ გვერდით იქნებით, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს ნიშნები ხშირად აბრაზებენ პარტნიორებს, ცდიან მათ, ნერვებს უშლიან და სურთ, რომ მათმა პარტნიორმა ეს ყველაფერი მოითმინოს, რადგან ისინი ამით საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს და სწორი პარტნიორი შეარჩიეს. თუ მიწის ნიშანი გრძნობს, რომ შენ მზად ხარ მთელი ცხოვრება მასთან გაატარო, ის შენთვის ყველაფერს გაიღებს.
წყლის ნიშნები, თევზები, კირჩხიბები, მორიელები მიდრეკილები არიან ემოციებისკენ და ამიტომაც გამოსდით ურთიერთობები. სხვათა შორის, მორიელებმა ძალიან იციან ბოღმის ჩადება პარტნიორული ურთიერთობების დროს, მათ არასდროს ავიწყდებათ განცდილი ემოციები. წყლის ნიშნებს ურთიერთობაში სჭირდებათ დინამიკა, მოძრაობა, ნაყოფიერება. წყალს თუ მდორე ცხოვრება აქვს, ის აუცილებლად გაფუჭდება.
ურთიერთობა არის იმისთვის, რომ ჩვენ შეუფერხებლად განვვითარდეთ და ერთმანეთს ბედნიერება, სიამოვნება მივანიჭოთ, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ორი ადამიანით უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც ძლიერი, მყარი, წარმატებული და შედეგიანი იქნება. წარმოიდგინეთ, რომ შეიქმნა ოჯახი, პარტნიორებმა დახვეწეს ერთმანეთი, მივიდნენ გარკვეულ საფეხურამდე, მაგრამ მეტს ვერაფერს ვეღარ აძლევენ ერთმანეთს, რადგან მათ უკვე გასცეს თავიანი მაქსიმუმი და გაჩერდნენ. როცა ურთიერთობა აღარ ვითარდება, იწყება პრობლემები.
-როგორ უნდა ვუშველოთ ასეთ ურთიერთობას?
-თუ ამ პრობლემას ორივე პარტნიორი აცნობიერებს და ხვდება, მაშინ აუცილებლად რადიკალურად უნდა შეცვალონ თავიანთი ცხოვრება ან ისინი დაკარგავენ ერთმანეთს. თუ ურთიერთობაში ქაოსს არ შემოვიტანთ და მერე ამ ქაოსის ერთად მოწესრიგებას არ ვეცდებით, აუცილებლად გაფუჭდება ურთიერთობა. თუ თქვენი პარტნიორი გეჩხუბებათ, ჰკითხეთ რა არის მოტივი, რისი მიღწევა უნდა. თუ ჩვენ ვჩხუბობთ და აგრესიულები ვართ ერთმანეთის მიმართ, უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რომ გამოვასწოროთ. თუ რამის გამოსწორება გვინდა, უნდა ავხსნათ პრობლემა, გავცვალოთ ერთმანეთში აზრები თუ რა და რატომ უნდა გამოვასწოროთ.
-როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და აგრესია?
-აგრესია ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, აგრესია გამოხატვის ფორმაა, მაგრამ თუ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენს ენერგეტიკაზე, ფსიქიკაზე მოქმედებს და თუ ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზე, სხვას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენში ეს ემოცია გამოიწვიოს და არ ვავნებთ საკუთარ თავს იმ დონეზე, რომ ეს ემოცია დაგვებადოს, თუმცა აგრესიის მოთმენა სწორი არ არის. მთავარია სწორი კომუნიკაცია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეცხრე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად