„ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ტაილანდში საპარლამენტო დელეგაციის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ტაილანდის სამეფოში უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა.
„საგარეო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში გასეირნებად მონათლეს. არც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების შეურაცხყოფას დასჯერდნენ და გაურკვეველი დაარქვეს ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და ეს ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მკაცრად უჭერენ მხარს.
ასეთ კონტექსტში მოიხსენიეს ტაილანდის სამეფო, რომელთანაც საქართველოს ოცდაათწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და პირველი ვიზიტი სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა, მეგობრობის ჯგუფის ფორმატში განახორციელა. ვიზიტში მონაწილეობა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შევთავაზეთ, რომ თავად ენახათ, ეს ვიზიტი სამუშაო იყო თუ სასეირნო, მაგრამ მათ ამის სურვილი არ გამოთქვეს. ჩვენი დელეგაციის საქართველოში დაბრუნებისთანავე, ვიზიტის თაობაზე ანგარიში წარვუდგინეთ პარლამენტსაც და სარეკომენდაციო წერილი გავუგზავნეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.
სულ მოკლე ხანში, 2023 წლის 23 თებერვალს სამუშაო ვიზიტი ტაილანდის სამეფოში გააგრძელა ქართულმა მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, რასაც კონკრეტული მემორანდუმების გაფორმება მოჰყვა. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ ტაილანდის სამეფოში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები.
პირველი შეხვედრა გაიმართა ტაილანდის სამეფოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ჩელემჩაი ბუპნიალეპუნთან, სადაც აღინიშნა, რომ საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობისთვის, გუშინ bm.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხალხის ძალის” ლიდერების, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მივლინება ტაილანდში სახელმწიფო ბიუჯეტს 19,938 ლარი დაუჯდა.
მივლინება ქალაქ ბანგკოკში 2022 წლის 7-11 ნოემბერს შედგა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტაილანდს “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” 2-2 დეპუტატი სტუმრობდა. მათი ხარჯები ასე ნაწილდება:
- სოზარ სუბარი (ხალხის ძალა) – 9,969.02 ლარი;
- დიმიტრი ხუნდაძე (ხალხის ძალა) – 9,969.02 ლარი;
- გელა სამხარაული (ქართული ოცნება) – 9,969.02 ლარი;
- ირმა ზავრადაშვილი (ქართული ოცნება) – 9,969.02 ლარი.
შესაბამისად, პარლამენტართა ბანგკოკში მივლინება 39,876 ლარი დაჯდა, მათ შორის „ხალხის ძალის“წევრებზე სოზარ სუბარზე და დიმიტრი ხუნდაძის ვიზიტი 19,938 ლარი დაჯდა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს დეპუტატები ტაილანდთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები არიან.