ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულ მომიტინგეს, რომელიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.
ამასთან, როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს.
საგამოძიებო სამსახური: „დავით აღმაშენებლის ხეივანზე აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“
„გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“
„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, – აღნიშნა ექიმმა.
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
„გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში“, – აღნიშნა კლინიკა “ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.