მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.
როგორც ქალს, ყველაზე მეტად რა გაბედნიერებს?
– მე ჩემი საყვარელი მსმენელი ისეთ ემოციებსა და სიტყვებს მიგზავნის, ისეთ კომენტარებს მიწერენ ჩემს შვილებზე, ოჯახზე, ეს მაბედნიერებს. ვფიქრობ, იღბლიანი კი არა, ზედმეტად იღბლიანი ვარ და ამისთვის სამყაროს და ღმერთს დიდი მადლობა. მაქვს ჩემი საკუთარი სტუდია, მყავს ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, თვალებში შემომციცინებენ, გვერდით მიდგანან მშობლები, ჩემზე იღბლიანი არის კიდევ ვინმე? სხვათა შორის, ჩემმა სტუდიამ გადააჭარბა იმ მოლოდინს, რა მოლოდინებიც მქონდა.
ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი და რომ გადავწყვიტე სტუდიის გაკეთება ჩემს პარტნიორ ბექა ბროლაძესთან ერთად, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ადამიანს, რომელსაც ხუთი წელი გარეთ არ უნახავხარ, ბავშვს მოიყვანდა. თუმცა, როგორც კი მიღება გამოცხადდა, უამრავი ადამიანი მოვიდა. ვერ ვიჯერებდი, მეგონა, მესიზმრებოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს სიზმარი არაა. ყველა ბავშვი შვილივით მიყვარს, სხვანაირ სითბოს ვგრძნობ მოსწავლეების მიმართ და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
მიხარია ჩემს მეორე სახლში მისვლა, სადაც უნიჭიერესი, უთბილესი და უკეთილშობილესი ენერგიის ბავშვები მხვდებიან და ეს ყველაფერი ჩემი სულერი მკურნალია. ვერ გეტყვით, ის დრო დავიბრუნე, როცა ყველგან დავდიოდი-მეთქი, მაგრამ ჩემი სტუდიაა ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ. სხვაგან მე არსად დავდივარ. ძალიან კარგი ბავშვები მყავს, ძალიან კარგი სმენით და ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გავზრდი მათ, ჩემს უძლიერეს პედაგოგებთან ერთად.
მთელს ჩემს ენერგიას და რესურსს მათში ვდებ. პირველი კონცერტიც უკვე ჩანიშნულია – 28 ივნისს და იქ სიმღერით ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ივლისის ბოლოს კი მეორე კონცერტია დაგეგმილი ბათუმში და გაასმაგებული ძალებით ვმუშაობთ.
