საკონსტიტუციო ცვლილელების ინიცირება, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ეს არის პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა და ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავად ცვლილებებს, 2020 წლიდან პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიის ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
გარდა ამისა, პროექტით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება და მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს.
პროექტში აღნიშნულია, რომ გაუნაწილებელი მანდატების არსებობის შემთხვევაში, ისინი თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე გადანაწილდება.
კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
მმართველი გუნდის განმარტებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.