ხვალ, 14 დეკემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ხვალინდელი არჩევნები პაროდიაა და ლეგიტიმაციას არის მოკლებული“.
მისი განცხადებით, „ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმაციას არის მოკლებული“.
„პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება – ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ „ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გახადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.
ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა – ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი!
მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს – პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან – ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.