3 აპრილიდან საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისში დღეს ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, ხვალ კი დედაქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
“თბილისში ამაღამ ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, ხვალ დილიდან კი ჩრდილო-დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარეც ქალაქის გარეუბნებში შესაძლოა 20-25 მ/წმ-მდე გაიზარდოს. ხვალ თბილისში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება რეგიონებს, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა შენარჩუნდება. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალმთიან რეგიონში კი თოვა. 3 აპრილიდან საქართველოს დასავლეთ რეგიონში ნალექი წვიმის სახით შენარჩუნდება, თუმცა ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე +12+17 გრადუსამდე გათბება”, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ რადიო “ფორტუნასთან”.