LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება: „მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან, თითქოს იცავენ მონუმენტს – დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს“

49
უკრაინის მხარდამჭერი აქცია

ხვალ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რომელიც საერთაშორისო კამპანიის „ვიცავთ უკრაინას“ (Defending Ukraine) ნაწილია.

14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და აქტივისტები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და უკრაინის დამცველებს პატივს მიაგებენ.

„აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს – თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ისინი აქტივისტებს, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკრაინელებსა და ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, 14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

„თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზედაც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

magti 5g