ზამბიის პრეზიდენტ ედგარ ლუნგუს გადაწყვეტილებით, 18 ოქტომბერს, ლოცვისა და ღვთისმოშიშობის ეროვნულ დღეს დაიკეტება ყველა ბარი, გადაიდება ფეხბურთის მატჩები და მთელი ქვეყანა ეროვნული ვალუტის – კვაჩას გადარჩენას, რომელიც დოლართან მიმართებაში 45 პროცენტით გაუფასურდა, ღმერთს შესთხოვს.
ზამბიაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ქვეყნის მთავარი საექსპორტო ნედლეულზე – სპილენძზე ფასი მკვეთრად დაეცა, საკვები პროდუქტები გაძვირდა, გვალვის გამო ტბებში წყლის დონის დაწევამ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია.
„ღმერთი არის სასწაულმოქმედი და თუ შევთხოვთ, აუცილებლად დაგვეხმარება და კვაჩა ძველ სიძლიერეს დაიბრუნებს, ფასებიც დაბლა დაიწევს,“ – ამბობს ეპისკოპოსი საიმონ ჩიჰანა.
დედაქალაქის სტადიონ ლუსაკაზე ხვალ ათასობით მლოცველს ელოდებიან, ქვეყნის მოსახლეობის 85% ქრისტიანია.
