LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია პაპუაშვილს: ევროკავშირის კითხვარი ჩავაბარეთ, შინაარსი არ ვიცით – მინდა, რომ გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს

96
იაგო და შალვა

ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა მისი შინაარსი არ ვიცით – ეს იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება, – ასე მიმართა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხვიჩიას თქმით, ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები ამომრჩეველსაც აინტერესებთ.

„თუ არ ვცდები საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ კითხვარზე პასუხები არ იქნება საჯარო. ჩვენ თითქმის ყველა კომიტეტში გვყავს წარმომადგენელი, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ანუ ყველგან ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ვიცით, რომ პარლამენტმა შეავსო ასევე ეს კითხვარი. რა ფორმატში შეგვეძლო და ვერ შევძელით მონაწილეობის მიღება?

როგორ შეიძლება, ოპოზიცია ვართ, ხალხმა აქ მოგვახვედრა, ბიუროზე ვზივარ, თქვენ გეკითხებით და არ მაქვს საშუალება გავეცნო პასუხებს, რომლითაც საქართველომ რაღაც ვალდებულება აიღო, მათ შორის, ჩემი ამომრჩევლების სახელითაც.

ჩემს ამომრჩევლებსაც აინტერესებს და მინდა, რომ რაღაცნაირად გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს, ავხსნა, გავაკრიტიკო, ან შეგაქოთ, ან რაღაც პოზიცია გამოვხატო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ იმდენად საჯარო ინტერესის ამბავია, იმდენად ეხება ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს, რომ ფიზიკურად არ შეიძლება მისი შინაარსის გასაიდუმლოება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა – პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარის გადაცემაზე

დღეს, 2 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები გადასცა.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, 2022 წლის 29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g