ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია – ეს სიტყვები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ეკუთვნის. შვილმოკლული მამა ამ სიტყვებს მკვლელობიდან წელიწადნახვრის შემდეგ ამბობს, მანამდე კი იყო აქციები, შიმშილობა, კარავში ცხოვრება პარლამენტის წინ, საგამოძიებო კომისია და კომისიის დასკვნა და მისი ალტერნატიული დოკუმენტი, ბრალდებები შვილმოკლული მამის მიმართ და ზაზა სარალიძის მტკიცე სიტყვები – „ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე.“
დამთავრდა თუ არა ბრძოლა
შვილმოკლულ მამას სისტემასთან ბრძოლა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არ შეუწყვიტავს, იცოდა, რომ უშედეგოდ არ ჩაივლიდა – „ამის მოლოდინი ყოველთვის მქონდა რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ–ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. იმ დღიდან, ყოველდღე, არ შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ ,,TV პირველთან” ინტერვიუში.
თუმცა, სარალიძემ ისიც იცის, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებენ და ამისთვის შესაბამისი პირები უნდა დაისაჯონ. წინ კიდევ სასამართლო პროცესია, სადაც როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, უნდა „ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ისევ, უკაცრავად ამ ჟარგონზე, მის გაპრავებას, დაველოდოთ.“
საგამოძიებო კომისია, შსს კალანდია და სხვები …
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად ორი განსხვავებული დასკვნა დაიდო. ერთი “ევროპულ საქართველოს” ეკუთვნის, მეორე “ქართულ ოცნებას”. “ევროპული საქართველოს” დასკვნა ცალსახად საუბრობდა გამოძიების პრობლემებზე. ოპოზიციური პარტიის წევრები საგამოძიებო კომისიიდან მიიჩნევდნენ, რომ დასკვნა უნდა გამხდარიყო დამატებითი სახელმძღვანელო წყარო საგამოძიებო პროცესისთვის. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი სწორედ მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წაყენება იყო.
„ეს რეკომენდაცია ახლა დაკმაყოფილებულია. ეს მოხდა ზეწოლის შედეგად, რომელიც საზოგადოებამ განახორციელა ხელისუფლებაზე, ამის დიდი ნაწილი იყო ზაზა სარალიძე და გარკვეული როლი შეასრულა საგამოძიებო კომისიამ და იმ დასკვნამ, რომელიც ჩვენ დავდეთ“, – აცხადებს სერგი კაპანაძე „ფორტუნასთან“.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა კალანდიას დაკავებით არ სრულდება. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში მათ მიერ გაცემულ სხვა რეკომენდაციები, რომელიც პროკურატურაში და შსს-ში მაღალჩინოსნებს ეხებათ.
„მნიშვნელოვანია ის ადამიანები დაისაჯონ, რომლებმაც გააყალბეს გამოძიება, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიების პროცესზე, ზეგავლენას ახდენდნენ მოწმეებზე და გამოძიება შეიყვანეს ჩიხში“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
ასეთი რამდენიმე მაღალჩინოსნიდან ერთი დღეისათვის საპყრობილეშია. მირზა სუბელიანი სასჯელს დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის იხდის, თუმცა, როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, იკვეთებოდა ქმედებები, რაც შეიცავს გამოძიებაზე, მოწმეებზე ზეწოლის, ცრუ ჩვენების მიცემის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს.
სუბელიანის გარდა საგამოძიებო კომისიამ დანაშაულის ნიშნები კიდევ 10 პიროვნების ქმედებებში შენიშნა.
„ფხაკაძით დაწყებული ეს პიროვნებები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გამოძიება არ ყოფილიყო ეფექტიანი და ბრალი არ ჰქონოდა წაყენებული კალანდიას. ამ ქმედებებსაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
ცალკეა გამოსაყოფი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან კარგად გვახსოვს ის სამარცხვინო შეფასებები, როცა პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ „აპრავებდნენ“ კალანდიას ქმდებებს“, – ამბობს სერგი კაპანაძე.
რას ამბობენ საგამოძიებო კომისიის წევრები უმრავლესობიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიაში უმცირესობაში იყვნენ. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მამუკა მდინარაძემ, არჩილ თალაკვაძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ეკა ბესელიამ, სოფიო კილაძემ მიიღო. “ფორტუნამ” ყველა მათგანთან დაკავშირება სცადა, თუმცა, სატელეფონო ზარებს მხოლოდ დიმიტრი ცქიტიშვილმა უპასუხა სმს-ის სახით, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფება. რაც შეეხება მის პოზიციას, რომელიც ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მივიღეთ, ასეთია:
„ჩვენი პოზიცია არის ჩამოყალიბებული პარლამენტის დადგენილებაში. ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით კომისის მიერ ბრალის და კვალიფიკაციის მინიჭებას და დასკვნის პოლიტიზირებას. დანარჩენი შეგიძლიათ პარლამენტის დადგენილებას შეადაროთ, სადაც კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზეც არის საუბარი და ასევე, გამოძიების ხარვეზებზე. დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კომისიის“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი „ფორტუნასთან.“
მიხეილ კალანდია – მთავარი წყალგამოყოფი საგამოძიებო კომისიაში
საგამოძიებო კომისიის, სადაც უმრავლესობაში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები იყვნენ, მიერ მიღებული დასკვნის პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” ალტერნატიული დადგენილების პროექტი მიიღო, რომელიც 73 ხმით დაამტკიცა. დამტკიცებული დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მთავარი სადავო საკითხი 1 დეკემბერს მომხდარ შემზარავ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილის, დღეს უკვე ბრალდებულის – მიხეილ კალანდიას როლი იყო.
კომისია მთავარი მოწმის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, დადგენილების ავტორები კი სისხლიან გარჩევაში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ითხოვენ.
„გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში“, – აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
დღეისათვის, მიხეილ კალანდია დაკავებულია და სწორედ ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. შსს-მ თქვა, რომ მტკიცებულებები მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეგროვდა. თუმცა, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. კალანდიას დაკავებამდე ერთი დღით ადრე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დაუდგენელ პირებთან ერთად მოკლა სარალიძე და არა გ.ბ-სთან ერთად, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ კალანდიას ბრალი დაუმტკიცდება, აქტუალური გახდება კითხვა, რატომ ვერ გავიდა გამოძიება თავის დროზე შედეგზე და ჰქონდა თუ არა მაღალი თანმდებობის პირების მხრიდან გამოძიებაზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენას ადგილი.