LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცესკოს, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“ – ბექა ლილუაშვილი

109
ბექა ლილუაშვილი

ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი მოუწოდებს ცესკოს, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა განცხადა, ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება:

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ცესკოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მისცა ხმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ცესკოს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!

დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია.

ამ ინფორმაციის მოთხოვნით, ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ. ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება. ყოველი უპასუხო დღე, მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g