„ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ, თუმცა წარმატების გამო ზედმეტი ეიფორიის ნაცვლად, სიტუაცია გონივრულად უნდა იყოს აღქმული.
„დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. კიევის რეგიონში, ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენენ. ირპინი გათავისუფლდა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ შედეგისთვის იმუშავა. ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდან, თუმცა ჩვენი რეგიონის ამ ნაწილში, უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია, ბრძოლა გრძელდება. რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, აქვთ რესურსები და ცოცხალი ძალა. ისინი, დანგრეული ნაწილების აღდგენას ცდილობენ. მათი დანაკარგების დონე, თუნდაც 90%-ზე, მათთვის, არ არის არგუმენტი გაჩერებისთვის. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის რეგიონის, დონბასის, სამხრეთ უკრაინის მდგომარეობა ყველგან დაძაბული, ძალიან რთული რჩება. ეს არის დაუნდობელი ომი ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, 143 დაღუპული ბავშვის შესახებ არის ცნობილი. მარიუპოლი კვლავ ბლოკირებულია, რუსმა ჯარებმა, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა არ დაუშვეს. სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.