LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევს მოსკოვის არ სჯერა – ემზადება თუ არა პუტინი დასავლეთის და აშშ-ს მოსატყუებლად, რა იმალება მოლაპარაკებების მიღმა

150
მტავარი უკრაინა(2)

პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის მივიწყებული სახე მთელმა დასავლეთმა და აშშ-მ როგორც იქნა დაინახა, ოღონდ მას შემდეგ დაინახეს, რაც უკრაინაში უდანაშაულო ბავშვები დაიხოცნენ, მას შემდეგ დაინახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ დახოცილი ბავშვების სისხლზე პასუხისმგებლობა სწორედ დასავლეთს დააკისრა და მათგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არაერთხელ მოითხოვა.

დემოკრატიის სიმშვიდეში ჩაფლულმა გაზარმაცებულმა ევროპამ ჯერ ერთი თვალი გაახილა და როცა დარწმუნდა, რომ შესაძლოა, პუტინი უკრაინაზე აღარ გაჩერებულიყო, პირზე წყალი შეისხა და საბოლოოდ გამოიღვიძა. ის უკრაინამ გააღვიძა.

დღეს კი ისეა საერთაშორისო საზოგადოება გამოფხიზლებული, პუტინის არც ერთი სიტყვის აღარ სჯერათ, არც იმ მოლაპარაკებების იმედი აქვთ, რომელიც რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლებს შორის იმართება. რა პირობები წარადგინა უკრაინამ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე რუსეთთან, რას ნიშნავს პუტინის რეჟიმის შედარებით რბილი და არა კატეგორიული ტონი – მოლაპარაკებებზე წასვლას თუ ძალების მოკრებას, რატომ არ სჯერა აშშ-ს რუსეთის სიტყვის და როგორ გაიგეს საქართველოში მხარეებს შორის შესაძლო ხელშეკრულების პირობები – ამ საკითხებზე რადიო “ფორტუნამ” პოლიტოლოგები ჩაწერა.

 

 

რა პირობებს აყენებს უკრაინა და რას ნიშნავს გარანტორი ქვეყნები

 

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლობით დელეგაციებს შორის ერთ-ერთ ასეთ ბოლო შეხვედრა სტამბოლში „დოლმაბაჰჩეს“ სასახლეში შედგა, სადაც კიევი კონკრეტული პირობებით მივიდა. „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ.

უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

რაც შეეხება გარანტორ ქვეყნებს, რომელიც უკრაინამ დაასახელა, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.

უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა - რას აცხადებენ მხარეები

„რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როცა მომლაპარაკებლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემუშავებული შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იქნება.“ - ამბობს მედინსკი

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იქაც და აქაც ნეიტრალიტეტის თემამ გამოიწვია.

მოდი, ავხსნათ ეს სიტყვა, რას ნიშნავს. საერთაშორისო სამართალში, ნეიტრალიტეტი ნიშნავს, ომში არ ჩაბმას. ასეთი სახელმწიფოები არც სხვა ქვეყნების ომში ერთვებიან, არც სამხედრო ბაზებს ათავსებენ თავიანთ ტერიტორიაზე და არც სხვადასხვა ბლოკში არიან გაწევრიანებულები.

ახლა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, რას ამბობს უკრაინა. ის ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს კონკრეტული ქვეყნებისგან, ანუ როგორც ექსპერტები ამბობენ, ფაქტობრივად, ახალ ალიანსს ეყრება საფუძველი, ანუ თუ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ამ პირობებით და ხვალ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს უკვე ჯარით ყველა ის ქვეყენა, ვინც უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იქნება. 

მოკლედ, უკრაინის ნეიტრალიტეტი, ასე რომ აიტაცეს განსაკუთრებით საქართველოში “ოცნების” მხარდამჭერებმა, სულ ტყუილად დაიხარჯნენ. ამას სჯობს, გადაიკითხონ, უკრაინის მიერ წამოყენებული პირობები.

რუსეთს სურს უკრაინა ორად გაყოს, კორეიზაციის პროცესის დაწყებაზეა საუბარი: ვახტანგ მაისაია

"სეპარატისტული რეგიონების ბედი უშუალოდ გადაწყდება პუტინისა და ზელენსკის პირისპირ საუბრის დროს. როგორც ჩანს კრემლი კვლავ ავითარებს მინსკი 2-ის შეთანხმების ჩაგდებას, რაც ითვალისწინებს სეპარატისული რეგიონების გარანტად ქცევას, რომ უკრაინამ არ გადაუხვიოს პროდასავლური მიმართულების გზაზე"

ამის მიუხედავად, თავად უკრაინაშიც უჭირს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოქალაქეები დაარწმუნოს, რას ნიშნავს ნატოს წევრობის ნაცვლად უსაფრთხოების სხვა გარანტიების მიღება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, ორი დღეა, ცდილობს აუხსნას უკრაინის მოქალაქეებს, რომ ამ პროექტის მიხედვით, ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინა არანაკლებ ძლიერ დაცვას მიიღებს. განიმარტება ჩანაფიქრიც, რომ აუცილებელი სამხედრო დახმარება 3 დღეზე მეტს არ დაიგვიანებს.

„რაც შეეხება “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” ტერიტორიებს, ეს საკითხები ცალკე პუნქტშია შეტანილი, რომელიც განიხილება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების ფარგლებში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყირიმის საკითხიც ასევე, შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების ცალკე პუნქტად იქცეს.

 

 

რუსული პროპაგანდა ნეიტრალიტეტზე

 

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ მედინსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები – „კონსტრუქციული“, ხოლო კიევის პოზიცია – „გასაგებად ფორმულირებული“ იყო და რომ რუსეთი მზად არის გადადგას ნაბიჯები დეესკალაციის მიზნითაც.

მისი თქმით, უკრაინამ პირველად დააფიქსირა მზადყოფნა, დააკმაყოფილოს უმნიშვნელოვანესი პირობები – რათა მომავალში დაამყაროს ნორმალური ურთიერთობები მოსკოვთან“ და რომ განიხილება კიევის მზადყოფნა „უარი თქვას ნატოსა და ბირთვულ იარაღზე“. ამის შესახებ რუსეთის მედიასაშუალებები წერენ.

რა შემთხვევაში გააფორმებს უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას - დავით არახამია მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

მისივე განმარტებით, ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ჯერაც არ გამართულა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აშკარაა, რუსეთი მოლაპარაკებების იმ ნაწილს, რასაც ნატოზე უარი ჰქვია, სათავისოდ იყენებს პირველ რიგში ალბათ საკუთარ მოქალაქეებთან, იმის საჩვენებლად, რომ მათ წარმატებას მიაღწიეს. არ ახსენებენ უკრაინის პირობების იმ ნაწილს, სადაც ის გარანტორ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებიც თ ხელშეკრულება გაფორმდა და მომავალში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი დაიწყო, 3 დღეში გარანტორები ომში ჩაერთვებიან.

რუსეთის მთლად უკან დახევა არა, მაგრამ აშკარაა პირველი პირების განსხვავებული განცხადებები. თუ ადრე უკრაინის დენაფიციკაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი, როგორც თავად ამბობდნენ, ახლა ეს სიტყვა გაქრა და მთავარ მიზნად დონეცკი-ლუგანსკის ოლქების “გათავისუფლება” გამოცხადდა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ფაქტობრივად, უკვე მიაღწიეს.

 

კიევს და დასავლეთს მოსკოვის არ სჯერათ

 

რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებას ერთ-ერთ ბოლო ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის აცხადებს, რომ უკრაინას არცერთი სიტყვის არ სჯერა.

„არის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა. ითქვა კიევიდან და ჩერნიგოვოდან ჯარის გაყვანის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის გაყვანა, არამედ ჩვენი მებრძოლების მიერ ოკუპანტების განდევნის შედეგი. ამავდროულად მტერი დონბასზე ახალი შეტევისთვის ჯარებს აგროვებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ არავისი გვჯერა. არცერთი ლამაზი სიტყვის. და ჩვენ არაფერს დავთმობთ”, – ამბობს ზელენსკი.

უკრაინული დელეგაციის წინადადებაა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებებისას გადაწყდეს.

პუტინს ვერ ენდობა ვერც მსოფლიო ლიდერი ამერიკა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი “სიენენთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ერთია, რასაც რუსეთი ლაპარაკობს და მეორეა, რასაც აკეთებს. “ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ კონცენტრირებული“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა ფრთხილად მოვეკიდოთ რუსეთის განცხადებას კიევის მახლობლად საბრძოლო მოქმედებების შემცირებაზე, რადგან, შესაძლოა, ეს იყოს „საშუალება, რომლითაც რუსეთი კვლავ შეეცდება ყურადღების გადატანას და ხალხის მოტყუებას, რათა მათ იფიქრონ, რომ რუსეთი არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“.

 

როგორ გაიგეს ხელშეკრულების პირობები საქართველოში

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც სწორედ საერთაშორისო მიმართულებებზე მუშაობს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინის შეთავაზებები ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დასაბამია.

“რა მოხდება, თუ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა – ამის შემდეგ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი რუსეთმა , ასევე უკრაინის შემდეგი უსაფრთხოების დამცველებად უნდა გამოვიდნენ გარანტორი ქვეყნები. თუ ეს პუნქტი ამ სახით ჩაიწერა და თუ ჩინეთი დათანხმდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამით ჩინეთი დგება დასავლეთის გვერდით, რუსეთი კი სრულიად მარტო რჩება. ხელშეკრულებაზე ხომ რუსეთმაც უნდა მოაწეროს ხელი, ამიტომ ის ამით აღიარებს, რომ მომავალში თუ უკრაინას თავს დაესხმება, მის დასაცავად უკრაინის მიწაზე გარანტორი ქვეყნები იბრძოლებენ. იქ კონკრეტული ვადა წერია, სამი დღის ვადაში თუ ვერ მოხერხდა აგრესიის შეწყვეტა, მერე იწყება უკრაინის სამხედრო დახმარება. საქმე გვექნება უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროექტია”, – ამბობს ლაგაზიზე.

პოლიტოლოგი თვლის, რომ რუსული მხარის განცხადებებიც შედარებით რბილი იყო, ყოველ შემთხვევაში, კატეგორიული უარი არ უთქვამთ.

“თუმცა მისი ნდობა არ შეიძლება. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთი დასავლეთის თვალში აღდგა, როგორც მონსტრი, რომელიც უნდა განეიტრალდეს. ამ ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესი რუსეთისთვის სულის მოთქმის , ძალების აღდგენის საშუალებად არ უნდა იქცეს”. 

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ ხელშეკრულებას ახლდეს რისკები, თუმცა თვლის, რომ კარგია, როცა ამას ყველა აცნობიერებს, მათ შორის რუსეთს არ ენდობა ამერიკა, ამას, ბლინკენის განცხადებაც ადასტურებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის 1 აპრილს ონლაინ რეჟიმში განახლდება.

mazda magti 5g