LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ანდრონიკაშვილი: „თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ…“

1380
კირა ანდრონიკაშვილი

15 ნოემბერს სოციალური ქსელები მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის მომხივლელი ფოტოებით აჭრელდა, რომლებიც მისმა შვილიშვილმა, ტელესახე ლიკა ევგენიძემ გამოაქვეყნა. დღეს ქალბატონი კირა 78 წლის გახდა.

კირა ანდრონიკაშვილი ,,სარკესთან” ამბობს, რომ ქალის სილამაზის მთავარი ფაქტორი მის შინაგან სიმშვიდესა და სიკეთეშია და ამის გარეშე მზეთუნახავიც კი მისთვის ყინულის დედოფალს ემსგავსება.

ქალბატონო კირა, ამბობენ, რომ ლამაზ ქალს თავის მოვლა დიდად არ სჭირდება. თქვენი აზრით, ასეა?

ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.

ახლა, რადგან ქალბატონები ძალიან დაკავებულები არიან, წვეულებებს რესტორანში მართავენ. ადრე სახლში ვიღებდით სტუმრებს, მიუხედავად იმისა, დაღლილები ვიყავით თუ არა. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა სტუმრებს ველოდებოდი, დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვიდექი. ასეთ დროს, ყველაფერი გამზადებული რომ მქონდა, კრემს გადავისვამდი, ათი წუთი წამოვწვებოდი, ხელ-ფეხს დავასვენებდი, ლამაზად ჩავიცვამდი და ისე დავხვდებოდი სტუმარს.

ნათქვამია, ლამაზ ქალს ჩითის კაბაც ამშვენებსო. თქვენ თუ ეთანხმებით ამას?

სამოსს და გემოვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩითის კაბებზე ვგიჟდებოდი. ლურჯი და წითელი ჩითის კაბები მქონდა. ამ კაბებს სოფიკო ჭიაურელის შეკერილი საყელოები და მანჟეტები ამშვენებდა. ზოგჯერ მეტყვიან, შენ რაც უნდა ჩაიცვა, ყველაფერი გიხდებაო. უნდა შეარჩიო, რას იცვამ. მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი. მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ.

ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს.

 

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები