ადამიანები თავს იწვავენ, მზია ამაღლობელი 1 თვეა შიმშილობს და დიდი ამბავი მამუკა (მდინარაძე) თუ მემუქრება – ამის შესახებ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მყოფმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმი იმ ადამიანების დაშინებას ვერანაირი რეპრესიული კანონით ვერ შეძლებს.
„მე მეშინია იმ რეალობის, რა რეალობასაც ისინი გვთავაზობენ და იმ კურსის, რა კურსისკენაც მიჰყავთ ეს ქვეყანა. კითხვაზე, „ხომ არ გეშინია“ – შემიძლია გიპასუხოთ, რომ რა თქმა უნდა, ყველას გვეშინია, რადგან ყველა ჩვენ ჩვენი რაღაცებით ვრისკავთ, მაგაში სამარცხვინო არაფერი არ არის, პირიქით …ჩემზე შიშიც და მუქარაც ეგრე მუშაობს, ვცდილობ, რომ მოვერიო, რადგან მეორე მხარეს ის ფასეულობებია, რა ფასეულობების გამოც აქ ვდგავართ ხალხი”, – ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა 72-ე დღესაც გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. მათი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის 72-ე დღესაც უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.