კლიმატური პირობების გამო გუდაურში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს და აფრთხილებს, რომ ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის.
„თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს. აქვე გაცნობებთ, რომ კობი-გუდაურის საბაგირო იმუშავებს შეზღუდვით. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, თუშეთის ტერიტორიებზე, გაუკვალავ თოვლში სრიალისას. გისურვებთ მშვიდობიან სრიალს, სეზონი გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.