ამიერკავკასიაში პირველად, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ქირურგიული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მასპინძელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში თმის გადანერგვის პირველი კლინიკა – „თალიზი“ გახლდათ.
საქართველოში ჩატარებული სამდღიანი პროგრამა მოიცავდა სამეცნიერო კონფერენციას და პირდაპირ ქირურგიულ დემონსტრაციებს, ასევე, დისკუსიებს, კლინიკური შემთხვევების განხილვებს, პრაქტიკული სესიებსა და ლექციებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თმის წამყვანი ტრანსპლანტოლოგები, დერმატოლოგები და ტრიხოლოგები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.
ნინო ვადაჭკორია, კლინიკის „თალიზი“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, ადმინისტრაციული მენეჯერი:
– მოგეხსენებათ, კლინიკა „თალიზი“ 27 წლის წინ დაფუძნდა და ის საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულია, როგორც თმის აღდგენის, თმის ცვენის მკურნალობისა და ქირურგთა გადამზადების ცენტრი. რაც ბაზარზე ვოპერირებთ, დაახლოებით, 500-მდე სპეციალისტი გადავამზადეთ მთელი მსოფლიოდან, დაწყებული ამერიკით, დამთავრებული ავსტრალიით. გარდა ამისა, მოვახერხეთ და გავხდით თმის აღდგენისა და თმის ცვენის მკურნალობის სფეროში წამყვანი ორგანიზაციის – თმის აღდგენის ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების პარტნიორები. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს სამედიცინო ეთიკის, კვლევისა და პროფესიული განათლების სტანდარტების განვითარებას. გარდა ამისა, ის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს პაციენტების უსაფრთხოებას, რაც დღესდღეობით საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან, სამწუხაროდ, თმის გადანერგვის პროცედურის ჩატარება არალიცენზირებულმა პირებმა დაიწყეს, ხშირ შემთხვევაში, მათ, ვინც ამ ოპერაციებს გარკვეული საქმიანობის ფარგლებში ესწრებოდნენ. ისინი, ქირაობენ, მაგალითად, ბიზნეს ცენტრებში ან დიდ კლინიკებში ოთახებს, ატარებენ პროცედურებს (ასეთი კლინიკა ძალიან ბევრია თურქეთში) და შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც არაკვალიფიციურმა პირებმა მოატყუეს, გამოსძალეს თანხა და ჩაუტარეს პროცედურა ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, შემდეგ ხვდებიან ჩვენთან. შესაბამისად, ამ კონფერენციას ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა, რომ გავზარდოთ ცნობიერება და ადამიანებს დავეხმაროთ, თავი დაიცვან მსგავსი სიტუაციისგან.
აღსანიშნავია, რომ ამ ვორქშოპზე თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი რიკარდო მეიაც იმყოფებოდა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრძელი თმის გადანერგვას, წარბისა და წვერის აღდგენას, თმის ხაზის ფორმირებას როგორც მამაკაცების, ისე ქალების შემთხვევაში. სხვათა შორის, იქიდან გამომდინარე, რომ თმის ხაზი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობის და პერსონის აღქმაზე, ცოტა ხნის წინ ჩვენს კლინიკაში დაინერგა ახალი მიდგომა, რომელიც პაციენტებს ოთხ ძირითად ნაწილად ყოფს და იმის მიხედვით, თუ რა როლი აქვს თითოეულს სოციუმში, იმის მიხედვით ვცდილობთ მათ დახმარებას, შესაბამისი თმის ხაზის და სახის ფორმის ფორმირებაში, რადგან, ხშირ შემთხვევაში, თმის გადანერგვა, შესაძლოა, წარმატებით შესრულდეს, მაგრამ ადამიანი სარკეში საკუთარ თავს ვერ ცნობდეს. მაგალითად, არსებობს დომინანტური ტიპის სახე, რომელიც უფრო მეტად სწორი თმის ხაზს ითხოვს. მერაბ დვალიშვილის შემთხვევა რომ ავიღოთ, მას დომინანტური სახე სჭირდება, რათა მოწინააღმდეგე „შეაშინოს“, რისთვისაც თმის აგრესიული ხაზი განკუთვნილი და რასაც ადამიანები არაცნობიერ დონეზე ვხედავთ. თუ, მაგალითად, პირი პოლიტიკოსია, მას მეტად მაღალი შუბლის ხაზი და უფრო თხელი სახის გამოჩენა სჭირდება. ამ შემთხვევაში M-ის ფორმის თმის ხაზი უფრო მისაღებია. ზუსტად ამ დონეზე იხვეწება ჩვენი სფერო, ანუ მთავარი არა მხოლოდ თმის საფარველის აღდგენაა, არამედ ადამიანებისთვის გარკვეული მიმართულების მიცემა, რათა ჩვენი პროცედურებით სწორედ ის მიიღონ, რაც მათ სურთ.
– რომელი ქვეყანა მიიჩნევა თქვენს სფეროში ლიდერად?
– მოგეხსენებათ, თმის გადანერგვა სამედიცინო სფეროს ნაწილად იაპონიაში იქცა, შემდეგ ეს სფერო უფრო მეტად დაიხვეწა აშშ-ში (ჩვენი ექიმები სწორედ აქ გადამზადდნენ კლინიკის გახსნამდე) და, ალბათ, ეს არის ის ქვეყანა, საიდანაც ჩვენს სფეროში უახლესი მიღწევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ, მაგალითად, ბრაზილია ან კანადა რამით ჩამორჩება მას. ევროპის რეგიონში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდნა ჩვენ გავავრცელეთ.
– რაში გამოიხატება თქვენთვის პაციენტების მხრიდან უპირობო ნდობა?
– ალბათ, როდესაც პაციენტები ავსებენ სპეციფიკურ ფორმას და უთითებენ, რომ მეგობარმა ურჩია. სწორედ აქ ვხვდებით, რომ არ გვჭირდება აგრესიული მარკეტინგი პაციენტების მოსაზიდად. მოხარულები ვართ, რომ პაციენტები გვყავს მთელი მსოფლიოდან. სამედიცინო ტურიზმით 2001 წლიდან ვართ დაკავებულნი და უცხოელი პაციენტების პირველი ჯგუფი კორეიდან მივიღეთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, კოვიდ პანდემიამდე, თვეში, დაახლოებით, 100-მდე უცხოელ პაციენტს ვიღებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო საზღვრები რომ ჩაიკეტა, რაღაც დონეზე პოზიციები დავკარგეთ. თუმცა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვენთვის ჩვეულ მაჩვენებლებს.
– ქალ პაციენტებზეც ვისაუბროთ, რა რაოდენობით მოგმართავენ ისინი და რითაა განპირობებული მათი ჩივილები?
– ზოგადად, თმის ცვენა მამაკაცებში უფროა გავრცელებული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქალებს თმის განსხვავებული ვარცხნილობა აქვთ, შენიღბვის საშუალება უფრო მეტი აქვთ, მათში თმის ცვენის პრობლემა ნაკლებად ჩანს, თვალში ნაკლებად გვხვდება. გადანერგვას რაც შეეხება, ქალების შემთხვევაში, თუ დროულად მოგვმართეს, მკურნალობით ადვილად შეგვიძლია პრობლემის ალაგება, თუმცა მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური. ქალებში თმის ცვენის პრობლემა კავშირშია ენდოკრინულ დარღვევებთან ან არასწორ დიეტასთან.
– კლინიკის ბოლოდროინდელ სიახლეებზეც გავამახვილოთ ყურადღება.
– ჩვენ, საქართველოში პირველად, დავნერგეთ გენეტიკური კვლევები, რომლებიც თმის ცვენის დიაგნოსტიკას ეხება. ასევე გვაქვს ნუტრიციული კვლევები, ფილერის კვლევა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი კვლევა, რომლის დროსაც პაციენტის ნერწყვის ნიმუში იგზავნება ევროპაში, სადაც დგინდება, რა ტიპის თმის ცვენა აქვს და რომელ მედიკამენტზე ექნება საუკეთესო რეაგირება. შესაბამისად, პაციენტი არც დროს და არც ფინანსებს არ კარგავს ფუჭად. კვლევა მსგავსია ფილერების შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ფილერებზე დღემდე ცოტა ცოდნა გვაქვს ქვეყანაში, მათი არასწორი გამოყენება სერიოზულ ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევს. შესაბამისად, ფილერის ტესტი საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, ფილერზე დროთა განმავლობაში რეაქცია გვექნება, თუ არა.