კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში რადიო-მონოპოლიის დამყარებას ეწინააღმდეგება, ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„18 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ – „მომხმარებელთა საყურადღებოდ“.საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლადშექმნილ რადიოს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანია შპს „თბილისის მიკროავტობუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექნება ექსკლუზიური უფლება განახორციელოს მაუწყებლობა ქალაქში არსებულ ყველა მუნიციპალურ მიკროავტობუსში, მათ შორის, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.ხელშეკრულებიდან ასევე ირკვევა, რომ რადიო მაუწყებლობა დაამონტაჟებს შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებში ტექნიკურ დანადგარებს და მოახდენს აღნიშნული დანადგარების კონტროლს. მითითებული სერვისის სანაცვლოდ, შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ შემავალი კომპანიები მიიღებენ გარკვეულ თანხას (ჯამურად მიიღებენ თვეში 5000 ლარს – გარანტირებულად ერთი წლის განმავლობაში (ხოლო კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში – განუსაზღვრელი დროის განმავლობაში),” – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მუნიციპალური მიკროავტობუსით მოსარგებლეები იძულებით,გარდაუვლად გახდებიან მხოლოდ ერთი რადიო მაუწყებლობის აუდიტორია, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან გადაწუვეტილება შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან.
“აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ ეკუთვნის გოგა ხაინდრავას, რომელსაც საჯაროდ ცნობილი გარემოებებიდან გამომდინარე აქვს მჭიდრო კავშირები მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. ეს ფაქტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში, კიდევ უფრო პრობლემურს ხდის სატრანსპორტო და რადიო კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით იქმნება არაკონკურენტული და არათანაბარი გარემო სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის, ხოლო ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს დაშვებით, ჩნდება ეჭვები წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას, გააუქმონ მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც არღვევს ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებსა და პლურალისტულ მედიაზე წვდომის უფლებას. ვფიქრობთ, რომ საკითხი მიეკუთვნება ანტიმონოპოლური სამსახურის კომპეტენციას და დაუშვებელია ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას,” – ნათქვამია განცხადებაში.