„თქვენ იცით, რომ [უკრაინისთვის] ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი საკმაოდ დიდი იყო. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება, უკრაინას სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „საქართველოს ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, უკრაინელ მეგობრებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“.
„ძალიან მძიმეა ის შედეგები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა. განსაკუთრებით მძიმეა ეს შედეგები პირველ რიგში, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში. დღეს რუსეთს აქვს 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული უკრაინის მიწაზე, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა.
არის უამრავი ლტოლვილი და დევნილი, მოსახლეობის მეოთხედი, დაახლოებით 10 მლნ ადამიანი არის ლტოლვილად ქცეული, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კუთხით აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინას. 2022 წელს 30%-ით შემცირდა უკრაინის ეკონომიკა, მსხვერპლი არის ძალიან დიდი. უკრაინაში უმძიმესი ვითარება არის.
ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის იმ ისტორიული მეგობრობიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის. ჩვენ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას, პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.