LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე მოსამართლეებზე: კრიტერიუმები გაიწერება, ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია 

ირაკლი-კობახიძე-1

“ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერა, ესეც უნდა გაკეთდეს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  იიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კობახიძის თქმით, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოხდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერა და ამის შემდეგ დასახელდებიან მოსამართლეობის კანდიდატები.

„ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები. იმ ფორმატშიც გვექნება ამ საკითხების განხილვა. პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება. ამის შემდეგ მივუბრუნდებით უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს. ჯერ პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, სასამართლო არის დამოუკიდებელი, 2012 წლის შემდეგ არის ფუნდამენტური ცვლილებები. ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი კობახიძის თქმით, მიმდინარეობს რეფორმები.

„გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრების მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ა.შ. არის არა ორმაგი და სამმაგი პროგრესი, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ათმაგი და ასმაგი პროგრესიც კი. ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკა და ციფრები არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის და ადამიანის უფლებები არის 10-ჯერ მეტად დაცული სასამართლო სისტემის მიერ, ვიდრე ეს უზრუნველყოფილი იყო 2012 წლამდე.

ეს ფუნდამენტური წინსვლაა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენ. რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ არა მარტო მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ და უფრო ჯანსაღი გავხადოთ სასამართლო სისტემა. ეს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მიღწეული იქნება, რომელიც ამჟამად ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა, მან განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შერჩევა უახლოეს სესიაზე მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g