საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.
„ჩვენ, ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს.
ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე,“- აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. მინდა ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. შემთხვევით ვსარგებლობ და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს.
„ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე.
თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.
აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია“,- განაცხადა კობახიძემ.