ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ ხორციელდება შეტევის ახალი ტალღა, გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დააკნინონ ქვეყნისა და ხალხის იდენტობა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს. კობახიძის განცხადებით, „ესენი პირველ რიგში არიან ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“.
„მინდა, ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა.
ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებდნენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.
საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო.
თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის რაღაც გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
მათ ძალიან კარგად იციან, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას. ესენი არიან პირველ რიგში დიდი წინაპრები, სარწმუნოება, ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ გადააგვარო ადამიანი, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედასა და მამაზე.
ეს მათ იციან და ძალიან მარტივია შესაბამისად მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ეს არის მთელი ამ სტრატეგიის შინაარსი, ისინი იბრძვიან ქვეყნისა და ერის ფესვებს და „ნაცმოძრაობა“ ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი.
ეს ადამიანები – ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები, 100 წლის წინ უროთი ანგრევდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს.
სესიაზე ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ კობახიძეს მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენია, რომ საზოგადოებას ძალადობისკენ უბიძგებს. ოპოზიციონერ კოლეგებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, არის სიმართლე და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა საჭიროა.
პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ამავე თემაზე: