რადიო „ფორტუნას“ ეთერში, თათა სადრაძესთან, T.BLUES MOB-ის დამფუძნებელს კოკა ცქიტიშვილი ჩაერთო და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, რატომ არ არის მისი ჯგუფი დაფასებული საქართველოში.
მისი თქმით, ესპანეთში, ქალაქ მარბელაში მუსიკალური ფესტივალის ჩასატარებლად მიიწვიეს, მანამდე ჰქონდა მცდელობა, იგივე იდეა საქართველოშიც განეხორციელებინა, თუმცა უშედეგოდ. „მე თვითონ მიკვირს, ასე რატომ ხდება. მივეჩვიე ამ მდგომარეობას საქართველოში. დიდი სიურპრიზი იყო, როცა მთხოვეს მარბელაში ფესტივალის გაკეთება, რადგან მერვე წელია, ვცდილობ, ეს ფესტივალი საქართველოში დავაფუძნო, ბევრ სპონსორს შევთავაზე, მაგრამ უშედეგოდ. ესპანეთში სამი წელია, ვმოღვაწეობთ და როგორც კი შევთავაზე, მალევე გადაწყდა გაკეთება“ – ამბობს მუსიკოსი.
კოკა ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფის ხუთი ალბომი უცხოელებმა დააფინანსეს.
კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში ბლუზი არ არის პოპულარული, მუსიკოსი პასუხობს:
„შეიძლება ვთქვათ, რომ გემოვნებასთან აქვთ პრობლემა. სპონსორებს აქედან დავიწყოთ, მე პრინციპულად არ ვაწუხებ სახელმწიფო სტრუქტურებს. მივეჩვიე, რომ ყველაფერი ხდება კერძო კომპანიების, სპონსორების მეშვეობით და სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ ფინანსდება არაფერი.
საქართველოში მიცნობენ, გამოვდივარ ტელეეთერებით, მაგრამ სამწუხაროდ, ცუდმა ტალღამ წალეკა ქართული ტელევიზიები, როგორც ვხედავ, ინდური სერიალები არის ძალიან აქტუალური, ასევე მაგალითად, ჯაჯანიძის შოუში იაფფასიანი მუსიკოსის გამოსვლა, სადაც პედიკურს უკეთებენ პირდაპირ ეთერში და ა.შ.“