LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეგებო, ძალიან ბინძური თამაშის მონაწილედ გხდიან და თუ ფატალური შედეგი დადგა, თქვენ შეგაწმენდენ ხელს: გურული

136
1

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი,ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტსტ აქვეყნებს და ექიმებს მიმართავს.

გურული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირებაზე, პაციენტის მართვის პრაქტიკაზე წერს და ამბობს, რომ ქართველ ექიმებს ბინძური თამაშის მონაწილედ ხდიან და თუ ფატალური შედეგი დადგა, ხელს სწორედ მათ შეაწმენდენ:

“იმედია, გლდანის ციხის საავადმყოფოში მთავრობის მიერ გადასროლილი სამედიცინო დესანტი ომბუდსმენის კომისიის დასკვნების გაცნობის შემდეგ გააცნობიერებს, რომ მათი კლინიკური ლოგისტიკა კატასტროფულად მცდარია.

ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ ბევრ ქართულ კლინიკაში კოვიდის მენეჯმენტის დროს. არ ცდილობენ პროაქტიული ჩარევით პრევენციულად აღკვეთონ სიტუაციის დამძიმება და ციტოკინური შტორმისაგან უკვე განადგურებული ფილტვებით ცდილობენ რეანიმაციაში უშედეგო ბრძოლას.

ციხეში რეანიმაციის მორიგე ბრიგადა აბსოლუტურად უსარგებლოა, თუ წინასწარ, დინამიკაში არ იცის თავიანთი პაციენტის ყველა ლაბორატორიული პარამეტრი და დიაგნოზი.

კლასიკურ, გამართულ კლინიკაში, პალატის ექიმი აქტიურად მართავს პაციენტს და ცდილობს ააცილოს რეანიმაციას და თუ ეს მაინც საჭირო გახდება, რეანიმატოლოგმა მისგან უნდა მიიღოს დაწვრილებითი პატაკი, რომ შეძლოს ეფექტური ჩარევა კრიტიკულ სიტუაციაში. ომბუდსმენის კომისიამ დაადგინა, რომ პატიმარი პრეზიდენტის არცერთი მიმდინარე პრობლემა არ იყო ადეკვატურად დიაგნოსტირებული. ასეთ შემთხვევაში, კრიტიკული გართულების შექმნისას, რეანიმაციული ღონისძიებები, თუნდაც ყველაზე გმირული, იქნება სრულიად უშედეგო; ზუსტად ისე, როგორც ფილტვების ასპროცენტიანი დაზიანებისას კოვიდის დროს.

კოლეგებო, ძალიან ბინძური თამაშის მონაწილედ გხდიან და თუ ფატალური შედეგი დადგა, თქვენ შეგაწმენდენ ხელს. პრინციპში მართლებიც იქნებიან, რადგან ეს თქვენი ექსპერტიზის სფეროა და პოლიტიკოსების ბრძანებებს არ უნდა დაუმორჩილოთ თქვენი პროფესიული სინდისი.

პატიოსნად და უშიშრად აუხსენით თქვენს შეფებს კლინიკური ლოგისტიკის შეუცვლელი პრინციპები და ნუ ცდილობთ მათ პოლიტიკურ შეკვეთებს მოარგოთ პაციენტის სასიცოცხლო ინტერესები. დაფიქრდით.” – წერს გურული “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები