LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლექციონერი რომის პაპი: საჩუქრები მესისგან, მარადონაც სტუმრობდა, ახლა რონალდოც აქვს – ვატიკანში მთელი მსოფლიოს მაისურებია

73
rue99c7755e58

რომის პაპი ფრანცისკე I და ფეხბურთი ბავშვობიდან უკავშირდებიან ერთმანეთს და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ვატიკანს საოცარი კოლექცია აქვს მაისურების, საოცარი გვარებით, რასაც ბოლოს კრიშტიანოს მაისურიც დაემატა.
ამასწინათ, რომში კრიშტიანო რონალდოს დედა, მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო ჩავიდა. მან აუდიენცია მიიღო თავად პაპთან. სტუმარი ხელცარიელი არ მისულა – ქალბატონმა დედამ პონტიფიკს პორტუგალიის ნაკრების 7-ნომრიანი მაისური აჩუქა, ცხადია, რონალდოს გვარით.

ბავშვობა და საყვარელი კლუბი

ფრანცისკე I – საერო ცხოვრებაში არგენტინელი ხორხე მარიო ბერგოლიო – ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, რომ ბუენოს-აირესის ქუჩებში ფეხბურთმა მას შემგუებლობა ასწავლა: „ჩვენ ყოველთვის არ გვქონდა ტყავის ბურთი, ამიტომ მას ნაჭრისგან ვაკეთებდით. არც ისე კარგად ვთამაშობდი, ამიტომ სულ კარში მაყენებდნენ“.

პაპს არასდროს დაუმალავს, რომ ის მთელი ცხოვრება მშობლიური ქალაქის „სან ლორენსოს“ გულშემატკივარია, რომელმაც 2014 წელს შეძლო ლიბერტადორესის მოგება და თასთან ერთად ვატიკანს ესტუმრა.

გუნდის მეტსახელი – Los Santos, ანუ წმინდანები – მშვენიერი შესაბამისობაა. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ფრანცისკემ უბრალოდ ძლიერი გუნდი აირჩია. „სან ლორენსო“ სულაც არ არის ყველაზე ტიტულიანი და პოპულარული კლუბი არგენტინაში. გასული სეზონი გუნდმა მხოლოდ მე-16 ადგილზე დაასრულა.

მესი ყველაზე კარგია, მაგრამ ის მაინც არ არის ღმერთი: თუმცა პაპს ლეოს თამაში არასოდეს უნახავს

ოქტომბერში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში ჩავიდა. პაპს საჩუქრად პსჟ-ს მაისური ჩაუტანა. ლეო მესი, ნომერი 30, ავტოგრაფი – სრული კომპლექტი. იანვარში კი მესიმ საპასუხო საჩუქარი მიიღო – ვატიკანის „ატლეტიკის“ მაისური.

რომის პაპი და მესი პირველად 2013 წელს შეხვდნენ, წმინდა საყდარში ფრანცისკეს არჩევის შემდეგ. ვატიკანმა იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს უმასპინძლა. შემდეგ პონტიფიკს საჩუქრად ორივე გუნდის მაისური გადასცეს. ბუნებრივია, არგენტინის მაისური 10-ნომრიანი იყო, მესის გვარით.

რომის პაპმა სიტყვითაც კი მიმართა ფეხბურთელებს:
„ძვირფასო მოთამაშეებო, თქვენ ძალიან პოპულარული ხართ. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, თქვენ გაქვთ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. როცა მოედანზე ხარ, შენ განასახიერებ სილამაზეს, გუნდურ სულს. ფეხბურთი ახლა დიდ ბიზნესად იქცა, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ სპორტული ხასიათი და მოეპყროთ ფეხბურთს, როგორც თამაშს“.

რომის პაპისთვის მესი საუკეთესოა. მას რამდენჯერმე ხაზგასმით აქვს კითხვაზე პასუხი გაცემული თუ ვინ არის საუკეთესო. 2016 წელს პაპს ჰკითხეს, მარადონა, პელე თუ მესი? მაშინ არგენტინელმა მოკლედ უპასუხა – „ჩემთვის მესი“.
ამას გარდა, პაპს ბევრ უცნაურ კითხვაზეც უწევდა პასუხის გაცემა. მაგალითად შეიძლება თუ არა მესის ვუწოდოთ ღმერთი.
„როდესაც ხალხი მესის ღმერთს უწოდებს, ეს მხოლოდ აღტაცების გამოხატვის საშუალებაა. მაგრამ მხოლოდ უფალს უნდა სცე თაყვანი. ვიღაც ამბობს: ბურთთან ერთად მოედანზე ის უბრალოდ ღმერთია. მესი კარგია, მაგრამ ის მაინც არ არის ღმერთი“.
არადა, ამ ამბავში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ფრანცისკეს არასოდეს უნახავს ლეო თამაშში.


                   მესის პაპისთვის “ბარსელონას” მაისური აქვს გაზავნილი ავტოგრაფით, დიდი პატივისცემის ნიშნად

პაპი ტელევიზორს არ უყურებს 1990 წლის 15 ივლისის შემდეგ. გამონაკლისს არც „სან ლორენსოს“ მათებზე აკეთებს. საყვარელი გუნდის თამაშის შედეგს ერთ-ერთი გვარდიელი ეუბნება.

ყველა იტალიური ტოპის მაისური და არა მხოლოდ…

როგორც უკვე მივხვდით, ვატიკანში სტუმრებს საჩუქრად საფეხბურთო ფორმა მიაქვთ. ბუნებრივია, ყველაზე ხშირად პაპთან იტალიური გუნდები მიდიან. მაგალითად, ევრო 2020-ის დაწყებამდე იტალიის ნაკრები ეწვია. ხოლო უეფას ხელმძღვანელმა ალეკსანდერ ჩეფერინმა პონტიფიკს ევროპის თასის ასლი გადასცა.

ვატიკანს წვევია „ნაპოლის“ მთავარი ლეგენდა დიეგო მარადონაც – როგორც საქველმოქმედო Interreligious Peace Match-ის ერთ-ერთი მონაწილე. მარადონამ საკუთარ თავს ფრანცისკეს მთავარი გულშემატკივარი უწოდა, ხოლო პონტიფიკმა დიდი ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ ამაღელვებელი სიტყვით უპასუხა:
„მინდორზე ის იყო პოეტი, რომელიც მთელ მსოფლიოს ახარებდა ბუენოს აირესიდან ნეაპოლამდე. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან ეკლესიისთვის გააკეთა.
დიეგოსთან პირადი მოგონება მაქვს – 1986 წლის, როდესაც არგენტინა მარადონას წყალობით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იმ დროს ფრანკფურტში ვსწავლობდი, მაგრამ ენა კარგად არ ვიცოდი და თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ის, რომ არგენტინელებმა ფინალში გერმანია დაამარცხეს, მხოლოდ მეორე დღეს გავიგე. ეს იყო მარტოობის გამარჯვება – გარშემო არავინ იყო, ვისთანაც გავიზიარებდი სიხარულს“.

სხვათა შორის, იმ „მშვიდობისათვის რელიგიათაშორის მატჩის“ წინ ვატიკანში პრაქტიკულად მსოფლიო ნაკრები შეიკრიბა: დელ პიერო, შევჩენკო, მალდინი, პირლო, ძანეტი, ეტო, ბაჯო…

იტალიური კლუბებიდან პაპთან იყვნენ და ფრანცისკეს აქვს “იუვენტუსის”, “მილანის”, “ინტერის”, “სამპდორიას”, “ფიორენტინას”, “ნაპოლის” მაისურები…

მსოფლიო ლიდერებიც სიამოვნებით ჩუქნიან პაპს მშობლიური ქვეყნის ეროვნული გუნდების მაისურებს: ბრაზილია, ხორვატია, ესპანეთი, ავსტრალია (მაისურზე დაწერეს – წმინდა მამა), გერმანია…

 

არიან კლუბებიც:
“ბაიერნი”, “ვილიარეალი” (სათამაშო წყალქვეშა ნავით), “შაპეკოენსე” (ავიაკატასტროფიდან ერთი წლის თავზე), “სანდერლენდიც” კი…

 

2021-ის ივნისში ფრანცისკეს ველოსიპედი აჩუქეს (Ineos Grenadiers გუნდი) – კოლუმბიელი ველომრბოლელი ეგან ბერნალისგან.

პონტიფიკს აქვს ასევე იტალიის მორაგბეთა ნაკრების მაისური.

NFL-ის დელეგაციამ პაპს დიდების დარბაზის ჩაფხუტი ჩაუტანა.

კრიშტიანოს ცოტა კი დააგვიანდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები