პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვს და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ. მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა არ არის.
„კოლექტიურმა ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მარათონად აირჩია და თქვა, შევეჯიბროთ, ვინ რამდენ პროცენტს აიღებსო. მაშინ ევროკავშირი და მთელი სტრუქტურა, ამერიკის საელჩოს თამადობით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარეს იყო, მაგრამ ამის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებიც ისე წააგეს, როგორც მისი წინამორბედები. იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდათ, თუმცა იქამდე დიდი დროა. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა არ არის. ამაშიც კი ვერ თანხმდებიან. სავარაუდოდ, საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავლენ და მონაწილეობას მიიღებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.