18 წლის გოგოს ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვეა კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოს შეობაში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით ისინი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.
ახლობლები მოითხოვდნენ, 18 წლის გოგოს მკურნალი ექიმის ნახვას და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას იმის შესახებ თუ რა დაემართა 5 თვის წინ გოგოს, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პაციენტის ახლობლები შენობიდან გაიყვანეს.
კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
კლინიკის შესასვლელთან ამ დრომდე იმყოფებიან ხატია თვაურის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაკლასელები. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც კლინიკის შესასვლელს აკონტროლებენ.
ხატია თვაურს ცხვირის ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში 7 სექტემბერს გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ ის დღემდე კომაშია.