4 მარტს, 13.00 სთ-ზე, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში, 2018 წლის კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.
წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს ტრადიციულად გორში გაიხსნა და 10 დღის განმავლობაში მასპინძლობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოეთიდან ჩამოსულ დასებსაც, წელს მხოლოდ ერთს – ყაზახეთიდან.
კომედიის ფესტივალს, რომელიც 2018 წლის ივნისში მეხუთედ გაიმართა, სლოგანი კვლავ უცვლელი ჰქონდა -,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. ფესტივალის მიზანი დაარსებიდან ერთი იყო, მაყურებელს ერთ სივრცეში ენახა ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო, დადგმული კომედიური ჟანრის სპექტაკლები.
ყოველწლიურად, ფესტივალის რეპერტუარს თეატრმცოდნეთა ჯგუფი აფასებდა. შეფასება ძირითადად ღია ხასიათს ატარებდა და სპექტაკლების დასრულების შემდეგ კრიტიკოსები სცენაზევე უზიარებდნენ დასის წევრებს მათ შეფასებებს.
წლევანდელი ფესტივალი განსხვავებულად წარიმართა, შეირჩა 5 თეატრმცოდნე (ლამარა ღონღაძე, გოგი ყაჯრიშვილი, მანანა ტურიაშვილი, ნუცა კობაიძე, გვანცა გულიაშვილი), რომლებიც ფესტივალის ყველა სპექტაკლს წერილობითი სახით აფასებდნენ. კრიტიკული წერილები ჟურნალის სახით გამოიცა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ფესტივალი კომედიის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრია.
კომედიის ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.