„კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათიამ თურნავამ განაცხადა, „იმედის“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-სთვის დაწესებულ სანქციებს ეხება.
ნათია თურნავა განმარტავს, რომ თუკი წარმოიქმნება წინააღმდეგობა სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება „კოლიზია“ სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
