კომპანია RMG-ში წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობაზე ტენდერი მიმდინარეობს. როგორც RMG-ში აცხადებენ, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, კომპანიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე დაგეგმილია წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობა.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით RMG-მ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კომპანიის საწარმოო მოედნებსა და ობიექტებზე როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებას ითვალისწინებს.
როგორც RMG-ში აცხადებენ, ტენდერში სხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებს ფრანგული კომპანია VEOLIA, რომელიც წყლის გაწმენდის, წყალმომარაგების, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების შექმნის, მშენებლობისა და განახლების კუთხით სპეციალიზირდება. კომპანიის წარმომადგენელი ჰენრი იოგანი (Henri Jogand) 4 დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ის ჩავიდა დაბა კაზრეთში, დაათვალიერა და დეტალურად შეისწავლა საწარმოს ტერიტორია, გაეცნო ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობას, რის შემდეგაც კომპანიას ოფიციალურად წარუდგენს VEOLIA-ს წინადადებას.
RMG-ის გარემოს დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მადნეულის და საყდრისის კარიერებზე არის დაახლოებით 3-4 ადგილი, სადაც მომავალში მსგავსი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. მათი ამუშავების შემდეგ, მოხდება სამრეწველო წყლის რამდენიმე ფილტრში გატარება და სრულად გაწმენდა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული გარემოში დაბინძურებული წყალის მოხვედრა.
„ოქტომბრის ბოლოს ვგეგმავთ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რის შემდეგაც დაიწყება პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს პროექტირებას. მთლიანობაში საწარმოს ტერიტორიაზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. სავარაუდოდ, ყველა შეჩეულ ლოკაციაზე გამწმენდი ნაგებობების მოწყობას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განაცხადა RMG-ის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.