„კერძო კომპანიების გაფიცვა პოლიტიკური კეკლუცია – რას ნიშნავს გაფიცვა?! თუ ეს სისტემა და ქვეყანა არ გაწყობს, საერთოდ დაიხურე ქუდი და წადი!“ – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის განცხადებით, კომპანიებმა რეალურად 3-საათიანი შესვენება გამოაცხადეს:
„რას ნიშნავს კერძო სექტორის გაფიცვა?! ან სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? – სამი საათი შესვენებაა და შესვენება გამოაცხადეს. შესვენების გამოცხადება გაფიცვა არ არის. თუ იფიცები, ნება იბოძე და თქვი, რომ რაღაც მომენტის შესრულებამდე ოპერირება აღარ გექნება. გაიფიცეთ და ნახავთ, რომ ალტერნატივა მაშინვე გამოჩნდება – ასეთია ეკონომიკის პრინციპი. ეს არის პოლიტიკური კეკლუცი – იმიტომ, რომ იციან, ამას ეფექტი არ ექნება, მაგრამ იფიცებიან იმისთვის, რომ რადიკალურ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავი მოაწონონ. ეს ყველაფერი იწერება და თავის დროზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „იფიცება საქართველო!” – დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვა დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.