ყველა ადამიანს აქვს კომპლექსი. უმეტესობა ადამიანებისა ცდილობს პირდაპირ ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები. კომპლექსი შეიძლება განვიხილოთ როგორც ნახევრად ან სრულად გაუცნობიერებელი მოგონება, ისეთი ცხოვრებისეული მომენტის, რომელმაც ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ადამიანზე. კომპლექსი შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ხასიათის პრობლემებიდან.
როგორც „ფორტუნას“ ფსიქოანალიტიკოსმა მაია ბოჭორიშვილმა განუცხადა, ფორმალურად კომპლექსი არის ემოციურად შეფერილი იდეები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება და იღებს სათავეს ბავშვობიდან. მაგალითად, არსებობს დედის ან მამის კომპლექსი. დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას.
„დღეს ყველამ იცის, რომ ადამიანებს აქვთ კომპლექსები, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ ახდენენ ჩვენზე გავლენას ისინი. მათი ზემოქმედება, მათი შედეგები ხშირადაა უარყოფითი. როგორც ატომები და მოლეკულებისგან შედგება სამყარო, ასევე ჩვენი ემოციები კომპლექსებისგან შენდება“.
რა გავლენას ახდენს კომპლექსი ადამიანზე?
ფსიქოლოგის თქმით, კომპლექსი გარკვეულწილად თითქოს არასრულყოფილებას, რაღაცის დანაკლისს გულისხმობს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის განვითარების, ახალი შესაძლებლობების მიღწევის გზა.
კომპლექსის ნეგატიური შედეგები აისახება ძირითად ფსიქიკურ ფუნქციებზე: შეგრძნებებზე, აზროვნებაზე, ინტუიციასა და გრძნობებზე. ანუ, კომპლექსი არაპირდაპირი გზით ვლინდება პიროვნებაში. ხშირად ადამიანები რეაგირებენ იმის მიხედვით, რასაც მათ კომპლექსი კარნახობს. მაგ.: კონკრეტულ თემაზე საუბრისას ჩვენ შეიძლება არაადექვატური რეაქცია გვქონდეს და მოსაუბრეს უტაქტოდ ან უხეშად ვუპასუხოთ, თუმცა საუბრის შინაარსი ჩვენ სიუხეშეს თითქოს არ უნდა განაპირობებდეს. სწორედ ამ დროს “მუშაობს” კომპლექსი.
როგორ უნდა დავძლიოთ კომპლექსი?
კომპლექსი შეიძლება დაძლეული იქნეს მხოლოდ გაცნობიერებით, ცნობიერში მისი “შემოშვებით”. კომპლექსის გაცნობიერება ფსიქიკის სიღრმეებში ჩასვლას მოითხოვს. ეს გვაძლევს მეტ ცოდნას საკუთარ თავზე, განვითარების შესაძლებლობას. კომპლექსის გაცნობიერება გვაახლოვებს იმ პიროვნულ სიღრმეებთან, რომელიც პიროვნების განვითარების წინაპირობაა.
გადაცემის ჩანაწერი: