რა უნდა ვიცოდეთ ორგანიზმის გადაციების შესახებ, რომელსაც მშობლები ხშირად გაციებას უწოდებენ. რამდენად ამართლებს საზოგადოებაში გავრცებეული მითები ჩვილთა ჭირვეულობის დროს „საყმაწვილოს“ ნაყენის გამოყენებასთან დაკავშირებით, რა უნდა ვიცოდეთ მსუბუქი დამამშვიდებლების, საპროფილაქტიკო მასაჟის, გაზგამყვანი მილის, ადრეულად მიცემული ტკბილეულისა და ფასიანი თუ უფასო აცრების შესახებ – ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა უსაბრა.
– ეკა, მადლობა სტუმრობისათვის. მოდით, პირველ კითხვას დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემაზე დავსვამ. მინდა გკითხოთ კორონავირუსის შემთხვევებზე ბავშვებში. უკვე ვიცით, რომ ეს ვირუსი ბავშვებსაც აინფიცირებს, თუმცა, ისინი რისკ-ჯგუფს არ წარმოადგენენ. ზოგადად, რა ინფორმაცია გვაქვს დღეისათვის ამ თემაზე და რა შეიძლება ითქვას დამატებით კოვიდინფექციაზე ბავშვებში?
მადლობა მოწვევისთვის. დღესდღეობით ნამდვილად რთული პერიოდია ყველასთვის, თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ საერთოდ უდანაკარგოდ ან მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ ამ ყველაფერს. სწორად აღნიშნეთ, ახალი კორონავირუსი ფიქსირდება ბავშვებშიც, თუმცა საბედნიეროდ ის უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბავშვთა მართვის პროტოკოლს, ის ასეთია: თუ კოვიდ-19 ერთ წლამდე ასაკის ბავშვს დაუდასტურდა, იგი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. თუ ბავშვი ერთ წელზე უფროსია და არც ქრონიკული დაავადება აქვს, პედიატრის ან ოჯახის ექიმის მიერ მდგომარეობის შესაფასების შემდეგ შეიძლება იგი ბინაზე დარჩეს.
პედიატრები კორონავირუსზე საუბრისას უფრო მშვიდად ვართ, ვიდრე იგივე გრიპის ვირუსზე საუბრისას, რადგან გრიპი ბავშვებისთვის ბევრად საშიშია. კორონავირუსისგან განსხვავებით გრიპის ვირუსის შემთხვევაში ბავშვები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. როგორც წესი, ბავშვები იოლად იტანენ კორონავირუსს, მით უმეტეს თუ ქრონიკული დაავადება არ აქვთ.
– მოდით, რადგან საუბარი კორონავირუსით დავიწყეთ, სხვა ვირუსებსაც შევეხოთ. ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ფრაზას „ყელის ვირუსი“. ამაში მშობლები გულისხმობენ ყელის ტკივილს, შეწითლებას და შეშუპებას. თქვენ, როგორც პედიატრი რას გვეტყვით, არსებობს ასეთი ტიპის ვირუსი?
ყელის ტკივილი, დისკომფორტი და სიწითლე ბევრი ინტერპრეტაციით განიხილება. ეს სიმპტომები ძირითადად თან ახლავს რესპირაციულ ვირუსებს, რადგან ყელი არის ვირუსის ორგანიზმში შეჭრის ჭიშკარი და ბუნებრივია, რომ ადგილობრივი რეაქცია ფიქსირდება სიწითლის და ტკივილის სახით. ყელი არის პირველი ადგილი, სადაც ხვდება ვირუსი. ამიტომ სიწითლე და ყელის ტკივილი საგანგაშო არ არის. ამ დროს სახეზეა ჩვეულებრივი გაციება, რომლიც უკანაც დგას მსუბუქი რესპირაციული ტიპის ვირუსი. მას არ სჭირდება სპეციალური მკურნალობა, გარდა სიმპტომური მკურნალობისა, რაც დისკომფორტის მოხსნაში გამოიხატება. თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ ასეთ დროს განსაკუთრებული ჩარევა სიმპტომის მოსახსნელად აუცილებელი არ არის. არაა საჭირო ათასგვარი სპრეის გამოყენება, რაც მშობლებს ძალიან უყვართ. თუ ბავშვს ძალიან აწუხებს ტკივილი, შეგვიძლია გამაყუჩებელი მივცეთ. გარკვეული ასაკის ზემოთ სიწითლის, ტკივილის და შეშუპების მოსახსნელად კარგი საშუალებაა თბილი მარილიანი წყლის სავლებიც. კომპრესი, ყელის გაწმენდა, ამორეცხვა და მსგავსი ზომები აღარ გამოიყენება, რადგან მათ სერიოზული უკუჩვენებები აქვს.
– მოდით ვისაუბროთ გაციების შესახებ. ვიცით, რომ ტერმინი გაციება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, თუმცა მდგომარეობა, რომელსაც ის აღწერს გამოწვეულია არა შემცივნებით, არამედ მსუბუქი ვირუსული ინფექციით. და მაინც, თუკი ბავშვი გარეთ სიცივეში გაოფლილი ან სველი თმით გავა, ეს ხომ გამოიწვევს ხველას, ტემპერატურის მატებას და ცხვირიდან გამონადენს? ასეთ დროსაც არ გვაქვს საქმე გაციებასთან?
ზოგადად ტემპერატურის ცვალებადობა ადამიანს იმუნური სისტემის ბალანსს არღვევს, ამიტომ იმ ვირუსის მიმღებლობა, რომელიც გარემოში ცირკულირებს ძალიან მაღლდება. ამიტომ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმი პატარაობიდანვე მიეჩვიოს გარემოსთან ადაპტაციას და მისი თბორეგულაციის ცენტრი გამართულად მუშაობდეს. ამაში იგულისხმება ის, რომ არ შეიძლება წლის ცხელ პერიოდში ახალშობილს ეხუროს ქუდი და ეცვას ხელთათმანი, ისევე როგორც არ შეიძლება წლის ცივ პერიოდში ბავშვს იმაზე მეტი ეცვას, ვიდრე ჩვენ გვაცვია. ხშირად ამბობენ, რომ თუ ახალშობილს ცხვირი ან კიდურები ცივი აქვს, მას სცივა. ეს ასე არ არის. ახალშობილს კიდურები ცივი აქვს იმიტომ, რომ სახეზეა პერიფერიული სპაზმი, მას პერიფერიული სისხლძარღვები კარგად განვითარებული არ აქვს ასაკიდან გამომდინარე. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს სცივა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვს უნდა ეცვას ისევე, როგორც ზრდასრულს, და ამას დამატებული მხოლოდ ერთი სამოსი ზემოდან. რაც შეეხება ბავშვის ოფლიანობას, ეს ზუსტად იმით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ბავშვს აცვია ბევრი და არ აცვია სეზონის შესაბამისად. თუ ბავშვი მუდმივად ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმასაა მიჩვეული ბუნებრივია, რომ გარეთ თამაშის დროს ის გაიოფლება. ბუნებრივია, ეს მატებს გაციების რისკს. ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმში ირღვევა თბორეგულაცია, რაც იწვევს იმუნიტეტის ბალანსის შეცვლას და მისი ორგანიზმი ვირუსებისთვის ბევრად ხელმისაწვდომი ხდება. საუკეთესო პროფილაქტიკა არის სუფთა ჰაერი და სეზონის შესაბამისი ჩაცმულობა.
– მოდით განვაგრძოთ საუბარი გრიპის და მისი ვაქცინის შესახებ. წელს ისე მოხდა, რომ კორონავირუსის შიშით თითქოს აცრის მსურველი უფრო ბევრია, თუმცა ამავდროულად კვლავ ძალაინ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვაქცინას არ ცნობენ, არ ენდობიან და არ სჯერათ, რომ მას დადებითი ეფექტი აქვს. ასეთი ადამიანები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ბავშვმა თავისი, ბუნებრივი იმუნიტეტით დაამარცხოს ვირუსი.
ეკა ყიფიანი: სამწუხაროდ ეს თემა მუდამ აქტუალურია. ის განსაკუთრებით კოვიდინფექციასთან ჭრილში გააქტიურდა. შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაზე მასშტაბური კვლევის შესახებ, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა. როგორც ვიცით, იქ სეზონური აცრები ბევრად ადრე, მარტი-აპრილის პერიოდში ტარდება, ამიტომ მკვლევარებს ჰქონდათ საშუალება დაკვირვებოდნენ 22 000-ზე მეტ კოვიდინფიცირებულს. მათი ნაწილი გრიპზე აცრილი იყო, ნაწილი კი არა. კვლევამ უჩვენა, რომ გრიპზე აცრილებს შორის ლეტალობის მაჩვენებელი 17%-ით დაბალი იყო. ასევე განსხვავება იყო დაავადების მიმდინარეობაში, ინვაზიური თერაპიის საჭიროებაში და ა.შ. სწორედ ამ და სხვა კვლევების საფუძველზე გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა.
დავიწყოთ იმით, რომ გრიპის ვაქცინა არის სრულიად უსაფრთხო და ეს კვლევებითაა დადასტურებული. ამ ვაქცინით იცრებიან რისკ-ჯგუფები, მათ შორის ორსულები და 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვები. იმუნიზაცია ხდება ყოველწლიურად, ყოველ სეზონზე. იცრება უამრავი ადამაინი, თუმცა ვერ ნახავთ დადასტურებულ შემთხვევას იმისა, რომ ამ ვაქცინას აქვს რაიმე გვერდითი მოვლენა. არ არსებობს არანაირი წყარო იმის სათქმელად, რომ გრიპის ვაქცინა უსაფრთხო არ არის. მართალია გრიპის ვირუსს უფრო კარგად ვიცნობთ, ვიდრე ახალ კორონავირუსს, მაგრამ მერწმუნეთ, გრიპი არ არის მარტივი ინფექცია. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, რაც ლეტალური გამოსავლის მიზეზიც ხდება ხოლმე. ვაქცინა გვექნება თვის ბოლოს და მისით აუცილებლად უნდა მოვახდინოთ იმუნიზაცია, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფების.
– როგორ ფიქრობთ, წელს მხოლოდ რისკ-ჯგუფები უნდა აიცრან გრიპზე თუ ყველა, ვისაც შეუძლია? არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინა საკმარისი ოდენობით ქვეყანაში არ იქნება, რომ ყველა მსურველი აიცრას.
ჩემი აზრით, რაც მეტი ადამიანი აიცრება წელს გრიპზე, მით უკეთესი.
– მინდა შევეხო კიდევ ერთ თემას, რაც ვაქცინებს უკავშირდება. საუაბრია იმ ვაქცინებზე, რომლებიც გეგმიურ კალენდარშია გაწერილი. არსებობს უფასო და ფასიანი ვაქცინები. ადამიანების ნაწილს კითხვები აქვს ვაქცინების ხარისხთან დაკავშირებით…
მინდა კიდევ ერთხელ დავამშვიდო მოსახლეობა. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ლიცენზირებულია. ეს იმას ნიშნავს, ვაქცინა თავის როლს ასრულებს და ეფექტურია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, კონკრეტულად იმ 14 ძალიან ვერაგ ინფექციასთან საბრზოლველად, რასაც ჩვენი კალენდარი ფარავს.მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ამ მხრივ საკმაოდ კარგ პოზიციაზეა, ბევრ ინფექციას ვებრძვით იმუნიზაციის გზით.
ვაქცინების ფასებს შორის განსხვავებას იწვევს მათი წარმოების ლოკაცია. ევროპის ქვეყნებში წარმოება ძვირია, შესაბამისად ევროპულ ქარხანაში წარმოებული ვაქცინა უფრო მაღალი ფასისაა, ვიდრე აზიაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზიაში გამოშვებული ვაქცინა არ არის ეფექტური და ხარისხიანი. ყველა ვაქცინა, რომელიც შემოდის ქვეყანაში, აკეთებს თავის საქმეს.
ვაქცინების ფასში სხვაობა შეიძლება იმანაც გამოიწვიოს, რომ ზოგი ვაქცინა რამდენიმეკომპონენტიანია. მაღალტექნოლოგიური კომპანია საშუალებას გვაძლევს ორი ან სამი ჩხვლეტის მაგიერ ერთი ჩხვლეტით შევუშვათ საჭირო ვაქცინა ორგანიზმში. შესაძლოა ზოგ ვაქცინას, რომელიც ცოტათი ძვირია, ნაკლები გვერდითი ეფექტი ჰქონდეს და აცრის შემდეგ ნაკლებად მოხდეს ტემპერატურის ცვლილება ან ნაჩხვლეტი ადგილის შესიება. სხვა მხრივ ვაქცინის ეფექტში და ხარისხში განსხვავებები არ არის, შეგიძლიათ მშვიდად აცრათ თქვენი შვილები.
– განვაგრძოთ საუბარი ძალიან პოპულარული საკვები დანამატების შესახებ, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით, სადაც ბავშვი ჰყავთ. ეს არის С და D ვიტამინი, ასევე „ომეგა 3“. რას გვეტყვით ამ დანამატებზე, სად არის მითი და სინამდვილე, მართლა საჭიროა თუ არა ისინი ბავშვის ჯანმრთელობისთვის? ითვლება, რომ C და D ვიტამინები იმუნიტეტს ამაღლებს, „ომეგა 3“ კი ტვინის მკვებავია… ბევრი ადამიანი მათ თვითნებურად იღებს და ბავშვებსაც აძლევს.
ეს საკვები დანამატები დღესდღეობით ძალიან ფართოდაა გავრცელებული ფარმაცევტულ სივრცეში, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციების თანახმად ჯანმრთელ ბავშვს არანაირი დანამატი არ სჭირდება. ამას ადასტურებს კვლევები, ამას გვეუბნება ამერიკის პედიატრთა აკადემია. თვითნებურად არცერთი დანამატის გამოყენება არ არის სწორი.
მართალია C ვიტამინს იმუნიტეტის მასტიმულირებელს ვეძახით, თუმცა არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ თუ ბავშვები C ვიტამინს მიიღებენ, მათ იმ სეზონზე ვირუსი არ ემართებათ. „ომეგა 3“-ზეც არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს მის ეფექტურობას ბავშვის განვითარებაში. არ არის დამტკიცებული, რომ „ომეგა 3“-ის კაფსულების მეშვეობით ბავშვი უკეთ განვითარდა, ვიდრე მის გარეშე განვითარდებოდა. ზოგადად, „ომეგა“ სასარგებლოა, თუმცა უმჯობესია, რომ ბავშვმაც და მოზრდილმაც „ომეგა“ მიიღოს არა ტაბლეტებიდან, არამედ ბუნებრივი წყაროდან, რაც ვიცით, რომ არის თევზეული. გასაგებია, რომ ზოგი ბავშვი პრეტენზიული მჭამელია, არ უყვარს თევზი და ა.შ. ეცადეთ მათ თევზი სხვადასხვა სახით მოუმზადოთ, მაგალითად კატლეტის სახით…
რაც შეეხება D ვიტამინს, მისი მიღება ნამდვილად საჭიროა, რადგან ჩვენ ვიმყოფებით D ვიტამინდეფიციტურ არეალში. D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე. დროსთან ერთად მასთან დაკავშირებული რეკომენდაციები იცვლებოდა. ადრე D ვიტამინის მიღება ზაფხულში არ იყო რეკომენდებული, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში არსებული მზიანი პერიოდი ვერ უზრუნველყოფს ვიტამინის სრული მარაგის სინთეზს, განსაკუთრებით ბავშვებში. მას ორგანიზმის საშენ მასალასაც უწოდებენ, რადგან D ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება ძვლების სწორად ფორმირებაში, კალციუმის, ფოსფორის შეწოვაში და ა.შ. ამიტომ მისი საპროფილაქტიკო დოზის მიღება ნამდვილად გამართლებულია, თუმცა როდესაც ადამიანი იღებს D ვიტამინს, საჭიროა მისი სწორად დოზირება. დოზირება განსხვავებულია, ამიტომ აბსოლუტურად ყველას ვურჩევ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გამოიკვლიონ D ვიტამინი, დოზის შერჩევა კი სპეციალისტს მიანდონ. რადგან D ვიტამინის დოზის გადაჭარბებაც არაერთ გართულებას იწვევს. დანამატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ორგანიზმში მისი დონის განსაზღვრის შემდეგ.
საერთოდ არცერთი დანამატის მიცემა ბავშვისთვის არ შეიძლება თვითნებურად, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
– მინდა გკითხოთ საზოგადოებაში ჯერაც საკმაოდ პოპულარულ ხალხურ, მცენარეულ საშუალებებზე, მაგალითად ე.წ. „საყმაწვილოზე“, ასევე მსუბუქ მცენარეულ დამამშვიდებელ საშუალებებზე. ზოგი მშობელი თვლის, რომ მათი გამოყენებით ჩვილ ბავშვს არაფერი დაუშავდება, მით უმეტეს მაშინ, თუ ის ძალიან ჭირვეულობს…
სამწუხაროდ ამ ყველაფრის აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით. ჩვილებში გაბმული, შემაწუხებელი ტირილი რასაკვირველია რთული ასატანია მშობლებისთვის, განსაკუთრებით ღამით. თუმცა, მინდა ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვო, შეხედონ ამ ყველაფერს მარტივი კუთხით: ახალშობილისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო ენა ტირილია. სხვა არცერთი საშუალებით მას არ შეუძლია ჩვენთან კონტაქტის დამყარება. ასე გრძელდება 6 თვის ასაკამდე. ამ დროს მშობელი უნდა მიხვდეს რატომ ტირის ბავშვი, რა არის მიზეზი: სტკივა რამე, შია, რაიმე სერიოზული პრობლემაა თუ სახეზეა რაიმე გარემო- ფაქტორი, რაც ბავშვს აღიზიანებს. ამ დროს დამამშვიდებლის მიცემა და ამ სიგნალის ჩახშობა შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ ჩვენ რამე მნიშვნელოვანი გამოგვეპაროს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ჩვილებში ნებისმიერი სახის დამამშვიდებლების გამოყენება, თუნდაც მათ ანოტაციაში მცენარეული ეწეროს, დაუშვებელია. ჩვენ უნდა ვეძებოთ მიზეზი, თუ რატომ ტირის ბავშვი და არა დამამშვიდებლით ჩავაძინოთ ის.
– ჩვილებში ტირილის კიდევ ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია კოლიკა, რომელიც ბავშვებს მასიურად აწუხებთ მცირე გამონაკლისების გარდა. აფთიაქებში დღემდეა შემორჩენილი და იყიდება ე.წ. „გაზგამყვანი მილი“, რომელიც იწვევს დეფეკაციასაც და ტკივილის შემსუბუქებასაც. თქვენ უწევთ თუ არა რეკომენდაციას მის გამოყენებას?
ვერ გავუწევ. სხვათა შორის, ეს ქართული და კავკასიური მოვლენაა, არის რაღაცეები, რასაც მარტო ჩვენს რეგიონში ვხვდებით. „გაზგამყვანი მილი“ შესაძლოა იმწუთიერად შვებას აძლევს ბავშვს, მაგრამ ამ დროს მაღალია ტრავმის მიღების რისკი. ზოგადად კოლიკის დროს საუკეთესო საშუალებაა თბილი აბაზანა. უმჯობესია გამოიყენოთ სათლი, ბავშვმა კი ემბრიონის პოზა მიიღოს. ბავშვს ამშვიდებს ვიბრაციული ტალღა, შეგიძლიათ ბავშვი ჩართულ სარეცხის მანქანაზე დასვათ. ბავშვს ამშვიდებს მამის ბოხი ხმაც. არის დამხმარე მედიკამენტებიც, რომლებსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ, მაგრამ ისინი სხვა ჩამოთვლილ ჩარევებთან უფრო აქვს ეფექტი, ვიდრე მასინ, როდესაც მარტო ამ მედიკამენტს ვიყენებთ.
აი თუნდაც წეღან ნახსენები „საყმაწვილო“ რომ ავიღოთ. „ამერიკის პედიატრთა აკადემია“ პირდაპირ ამბობს, რომ თუ რაიმე ნაერთის შემადგენლობა არ ვიცით, ის არ უნდა მივიღოთ. ჩემი აზრით, დღევანდელი მედიცინის განვითარების დონიდან გამომდინარე, ბავშვი საცდელი ობიექტი არ უნდა გახდეს. ჩვენ არ ვიცით, რა შედის ამ ნაყენში, არ ვიცით ვინ დაამზადა ის ან სად. მედიკამენტების დამზადებასაც კი სჭირდება წლები, არაერთი კვლევა და გამოცდა. ყოფილა შემთხვევა, რომ მედიკამენტი გამოცდის ბოლო, მესამე ეტაპზე ჩავარდნილა იმიტომ, რომ რაღაც სტანდარტი ვერ დაუკმაყოფილებია. ასეთ დროს ცოტა არასერიოზულიც კია ხალხურ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება.
– კიდევ ერთი აქტუალური საკითხი – ჩუჩის გადაწევა ბიჭებში. ეს საკითხი მშობლებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება და პედიატრის გაფრთხილების მიუხედავად, რომ ხელი არ ახლონ, ბევრი დედა გარშემომყოფების გავლენით მაინც ახდენს ჩარევას. გარდა ამისა მინდა გკითხოთ ბავშვის სხვადასხვა მცენარეულ ნაყენებით დაბანის პრაქტიკის შესახებ, არის თუ არა ბავშვებისთვის სასარგებლო გვირილის, ჩერიდას ნაყენში ბანაობა?
დამტკიცებულია, რომ ჩუჩის გადაწევის დროს ხელის ხლება არ შეიძლება, განსაკუთრებით სამ წლამდე. ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა ინფექცია შეიჭრას, რომელიც შესაძლოა აღმავალი გზით გავრცელდეს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. არ არსებობს ჩარევის არანაირი საჭიროება და მას არც სარგებელი მოაქვს. სამ წლამდე არავითარი შეხება არ სჭირდება ბავშვს, შემდგომჯ კი, პრობლემის გამოვლენის შემთხვევასი უნდა მივმართოთ უროლოგს.
რაც შეეხება ბანაობას სხვადასხვა ნაყენში – თუკი ეს არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან კანის გამოშრობას, შეგვიძლია ბავშვი კვირაში ერთხელ მცენარეულ ნაყენში ვაბანაოთ. თუმცა სუფთა წყალი უპირობო ლიდერია ბავშვის დასაბან საშუალებებს შორის. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი დღეს უპირატესობას ზღვის მარილს ანიჭებს, რომელიც არა მხოლოდ დამამშვიდებელია, არამედ ანტიოქსიდანტიც. ის ძალიან კარგია ფორებისთვის. თუმცა, არც ზღვის მარილი შეიძლება ყოველდღიურად, ისიც კარგად უნდა იყოს დოზირებული.
-კიდევ ერთი საინტერესო საკითხია მასაჟი. ბევრი მშობელი ამბობს, რომ თუ ბავშვს მასაჟს გაუკეთებენ, ის სიარულს უფრო მალე დაიწყებს…
დიახ, მშობლებს ხშირად ეჩქარებათ ხოლმე, თუმცა სინამდვილეში ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება. რასაკვირველია თუ საუბარია სარელაქსაციო მასაჟზე, ის შეიძლება ბავშვსაც ისევე სიამოვნებდეს, როგორც ჩვენ. თუმცა, ზოგადად მასაჟი არ განაპირობებს სიარულის დაწყების დროს. თუმცა, ბავშვთან შეხება და ტაქტილური სტიმულაცია ნევრული სისტემის განვითარებას ხელს უწყობს. თუ მასაჟს მხოლოდ ასეთი დატვირთვა აქვს კი ბატონო, მაგრამ თუ ბავშვს მასაჟს იმიტომ უკეთებენ, რომ აქტიური არ არის ან დიდი წონა აქვს და თვლიან, რომ სიარულს ვერ დაიწყებს, ეს საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო მასაჟს სჭირდება სიღრმისეული ცოდნა, რათა არ მივიღოთ უკუშედეგი. მასაჟისტმა უნდა იცოდეს სად გადის ნერვული ღეროები, რომლებზე შეხებაც არ შეიძლება. მან უნდა იცოდეს სადაა თითოეული კუნთი.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როდის და როგორ გაივლის ბავშვი, მინდა შევახსენო მშობლებს, რომ ბავშვს უნდა მისცენ ხოხვის საშუალება. ამაზე უკეთესი მასაჟი ბავშვის ძვლების და კუნთების, ასევე გონების განვითარებისთვის არ არსებობს. დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებიც პატარაობაში ხოხავდნენ, შემდგომში გაცილებით უკეთესი ორიენტაციის უნარი აქვთ. ხოხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბავშვის განვითარებაში. თუ გვინდა, რომ ბავშვმა სწორად გაიაროს, სწორად გადადგას ნაბიჯი, სწორად ჰქონდეს განვითარებული სახსრები, 5 თვის ასაკიდან მას ხოხვის საშუალება უნდა მივცეთ. დასვით ბავშვი მყარ ზედაპირზე და აცალეთ ხოხვა. თუ მან 1 წლის და 2 თვის ასაკამდე სიარული არ დაიწყო პრობლემა არ არის, თუმცა ხოხვის ფაზის გამოტოვება პრობლემაა.
– ბრძანეთ, რომ მშობლებს ყველაფერი გვეჩქარება. ეს შეიძლება ითქვას ბავშვისთვის ისეთი სხვადასხვა სახის საკვების მიცემაზე, რაც წესით ბავშვმა არ უნდა ჭამოს. ეს ეხება ტკბილეულს, ციტრუსებს, თხილს და ა.შ. მშობლის არგუმენტი ასეთ დროს ისაა, რომ მისი აზრით ბავშვმა ადრეულ ასაკშივე უნდა გასინჯოს ყველაფერი, თორემ შემდეგ არ შეჭამს…
კვება ძალიან საინტერესო და ფაქიზი თემაა ბავშვებში, რადგან უმნიშვნელოვანესია მათი ფიზიკური და მენტალური განვითარებისთვის. 6 წლის ასაკამდე განვითარება ხდება ისე სწრაფად, როგორც აღარ ხდება ცხოვრების შემდგომ არცერთ ეტაპზე. 6 თვის ასაკის ბავშვის ტვინი მოზრდილი ადამიანის ტვინის 50%-ია, 5 წლის ასაკში კი საბოლოო ზომას აღწევს. 3 წლის ბავშვის ტვინი მოზრდილ ადამიანზე 2,5-ჯერ სწრაფად მუშაობს. ამიტომ რასაკვირველია, არის ძალიან დიდი კავშირი მენტალურ განვითარებასა და კვებას შორის. 6 თვის ასაკამდე საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი კვება. იმ შემთხვევაში, თუ დედას ეს არ შეუძლია, იყიდება ადაპტირებული ხელოვნური საკვები. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, 6 თვის ასაკამდე დამატებითი, ნახევრად მყარი საკვების მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ნახევრად მყარი საკვების ჩართვა შეიძლება 4 თვის ასაკიდან. 1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სუფრიდან კვება არ არის დაშვებული, თუმცა ამ ასაკის შემდეგაც მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ბავშვი ულუფას. ჩვენ გვაქვს ძალიან გემრიელი, მაგრამ სამწუხაროდ არაჯანსაღი სამზარეულო. ტრადიციულ კერძებში ვერ ვიცავთ ბალანსს ცილას, ცხიმსა და ნახშირწყალს შორის, არადა სწორედ ეს არის ორგანიზმის საშენი მასალა და მათი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ნაჩქარევად მიღებული საკვები, რომელიც არ არის შესაბამისი ბავშვის ასაკთან, ზრდის ალერგიული რეაქციების, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკს. ჯობია ბავშვს ყველაფერი რაც შეიძლება გვიან გაასინჯოთ. ეს უკეთესი იქნება ბავშვის ორგანიზმისთვისაც და ჩვენც თავიდან ავიცილებთ მასთან კონფლიქტს. რასაკვირველია ნამცხვარი და კოკა-კოლა ძალიან გემრიელია და ბუნებრივია ბავშვს მუდმივად უნდა მათი მიღება. მით უმეტეს, რომ ისინი ვიზუალურადაც მიმზიდველია და ამას ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ბავშვებთან რადიკალური აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, მიეცით მათ თუნდაც კოკა-კოლა, მაგრამ შეაჩვიეთ, რომ ამას არ ექნება ყოველდღიური ხასიათი და მხოლოდ ახალ წელს ან დაბადების დღეებზე შეეძლებათ მიირთვან ტკბილეული.
– მარილი და შაქარი.. ვისაუბროთ ამ ორი ყველაზე გავრცელებული დანამატის შესახებ.
ერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ კომპოტების ხანა დასრულდა. მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. როდესაც ბაღის ან სკოლის მენიუს ვაკვირდები, მუდმივად ვადევნებ თვალს, არის თუ არა იქ კომპოტი. ხარშვის დროს ხილი ფრუქტოზას გამოყოფს, ასე რომ თუნდაც შაქარი არ ჰქონდეს დამატებული, კომპოტი რეკომენდებული არ არის, მით უმეტეს რომ ხილი ხარშვისას ყველა ვიტამინს კარგავს. არანაირი სარგებელი კომპოტს არ მოაქვს. ჯობია ბავშვმა ერთი ვაშლი შეჭამოს, ვიდრე ვაშლის კომპოტი მიირთვას. სასურველია მარილიც ნაკლებად იქნას გამოყენებული ბავშვთა მენიუში. თუ ბავშვს საკვების რომელიმე კომპონენტი არ მოსწონს, ჯობია წინ სხვა ინგრედიენტი წამოვწიოთ და ამ გზით გავაუმჯობესოთ გემოვნური თვისებები, მაგრამ მარილი ნაკლები დოზით მოვიხმაროთ.