რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ ლადო ათანელი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაზე, საქველმოქმედო ფონდსა და 16 მაისს რუსთაველის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.
ჩემი დებიუტი 1989 წელს შედგა თბილისში, ვერდის „ბალ-მასკარადში“ რენატოს პარტიით. პირველივე გამოსვლით კრიტიკის მოწონება დავიმსახურე, კარგი სტარტი მქონდა, ბევრი შრომა დამჭირდა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ წარმატებას მივაღწიე. კარგად მახსოვს დებიუტი ლა სკალას თეატრშიც, სადაც მაკბეტის პარტია შევასრულე ვერდის ოპერიდან. სცენაზე გასვლის წინ აუცილებლად ლოცვას ვკითხულობ და ჯვარს ვკოცნი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა და მითხრა, რომ ძალიან დიდი ძალა ჰქონდა.
მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. ჩემი და ბატონ ჯემალ ლორთქიფანიძესთან სწავლობდა, რომლის მოწაფე მოგვიანებით მეც გავხდი. ერთ-ერთ გაკვეთილზე მეც წავყევი დას, ბატონმა ჯემალმა სიმღერა შემომთავაზა, მორცხვად ავმღერდი, თუმცა ძალიან მოიწონა ჩემი ბარიტონი და მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება შემომთავაზა. მართალია, დავთანხმდი, მაგრამ სერიოზულად არც მიფიქრია მუსიკალურ კარიერაზე, თუმცა მოგვიანებით თვითონ მივაკითხე ბატონ ჯემალს, რადგან მეგონა სიმღერა ადვილი იქნებოდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ კარგად სიმღერას დიდი შრომა, დისციპლინა და მუდმივი მობილიზაცია სჭირდებოდა.
საქველმოქმედო ფონდი 2009 წელს დავაფუძნე ჩემს მეუღლესა და ქალბატონ ციცო ჯაფარიძესთან ერთად. სხვა კარგ საქმეებთან ერთად, სწორედ ფონდის წყალობით დაარსდა ლადო ათანელის კონკურსი, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ. მიხარია, რომ 5 კონკურსი მოვაწყვეთ და ყველა გამარჯვებულმა შეძლო მუსიკის სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა.
16 მაისს რუსთაველის თეატრში გავმართავთ კონცერტს „ლადო ათანელის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“ 15 წლის“. კონცერტში ჩვენი კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი ჩემი მეუღლეა, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩემი წარმატება. მანანა საოცრად კეთილი, ერთგული და მზრუნველი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს.
კონცერტებისთვის ყოველთვის ისეთ ნაწარმოებებს ვარჩევ, რომლებიც ნაკლებად სრულდება, ამიტომ მაისის საკონცერტო პროგრამაშიც მრავლად იქნება ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად ან საერთოდ არ შესრულებულა. ვფიქრობ, ყველა ისიამოვნებს ჩვენი კონცერტით, ვისაც საოპერო ხელოვნება უყვარს და ჩვენი შემოქმედება აინტერესებს.