LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონცერტზე მხოლოდ იმ როიალზე ვუკრავ, რომელზეც რეპეტიცია გავიარე” – გიგი პიანომენი და ირაკლი ევსტაფიშვილი ახალი პროექტით „არტ-FM“-ში

540
გიგი-პიანომენი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ის სტუმარმა, მუსიკოსმა გიგი პიანომენმა და კონსერვატორიის ასოცირებულმა პროფესორმა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჯგუფის კონცერტმაისტერმა, ფლეიტისტმა ირაკლი ევსტაფიშვილმა ახალ პროექტზე – ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე ისაუბრეს, რომლებიც 27-28 ივნისს კონსერვატორიაში, 29 ივნისს კი, გორის სასწავლებელში გაიმართება.

გიგი პიანომენი – ვფიქრობ, ძალიან საპასუხისმგებლო, რაც მთავარია, ძალიან საჭირო საქმეა ქართული კლასიკური საღამოების მოწყობა. დიდი ხანია შევეჩვიეთ ქართველი კომპოზიტორების ესტრადაზე მოსმენას, თუმცა ნაკლებად ვიცნობთ ნამდვილ კლასიკას – კამერულ ან თუნდაც საფორტეპიანო მუსიკას. იმედი მაქვს ჩვენი საღამო სწორედ ქართული კლასიკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, რადგან უამრავი ბრწყინვალე ნაწარმოები არსებობს, რომელთაც არა მხოლოდ მელომანები, არამედ ყველა უნდა იცნობდეს.

სიამოვნებით გავმართავდი ან მივიღებდი მონაწილეობას ამგვარ კონცერტებში წელიწადში რამდენჯერმე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ლიჩელს, რომელმაც არაჩვეულებრივი პროექტი მოიფიქრა და მეც ამ პროექტის ნაწილად მაქცია. დიდად ვემადლიერებით კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კომპოზიტორთა კავშირის მესვეურებს, ვინც მხარში ამოუდგა ჩვენს ინიციატივას. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო მე მხოლოდ 27 ივნისის კონცერტში მივიღებ მონაწილეობას, თუმცა სიამოვნებით შევასრულებ ორ საავტორო ნაწარმოებს. ძალიან მიხარია, რომ ისეთი ბრწყინვალე კომპოზიტორების მხარდამხარ, როგორებიც სულხან ცინცაძე, ნუნუ გაბუნია, ოთარ თაქთაქიშვილი და სხვები არიან, ჩემი მუსიკაც გაჟღერდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების კლასიკური მუსიკით დაინტერესება. პოპულარული სიმღერების კლასიკურ ვერსიებზე მუშაობისას ხშირად ვფიქრობდი, რამდენად მისაღები იქნებოდა მათთვის საფორტეპიანო ვერსია. მიხარია, რომ ჩემი მუსიკა მოეწონათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად სასარგებლოა სწორი ფორმის მოძიება და ამგვარი კონცერტების ხშირად მოწყობა. კარგი იქნება თუ მუსიკის მასწავლებლებიც მხარს აგვიბამენ და ბეთჰოვენის, შუბერტისა და სხვათა ნაწარმოებთან ერთად ქართველი ავტორების პიესებსაც ასწავლიან ბავშვებს. გენიალური კომპოზიტორები გვყავდა და ნამდვილად არ შეიძლება მათი დავიწყება.

იმ ორი ნაწარმოებიდან, რომელთაც კონცერტზე შევასრულებ, ერთ-ერთი გიზი ამირეჯიბის სიყვარულით, პატივისცემით შევქმენი, „ერთგულება“ დავარქვი და მასვე მივუძღვენი. ეს ნაწარმოები ერთხელ უკვე დავუკარი ჩემს კონცერტზე, მეორე „სიყვარულის ჰორიზონტი“ კი, რომელიც პირველად შესრულდება, დაახლოებით ორი თვის წინ დავწერე და კინომუსიკის ჟანრს მივაკუთნე.

ორივე ნაწარმოები ძალიან სწრაფად დაიწერა, რამაც ძალიან გამაკვირვა, რადგან ჩვეულებრივ, მონახაზს ვაკეთებ და მერე დიდხანს ვფიქრობ. „ერთგულება“ ნახევარ საათში შევქმენი, სწრაფად და მარტივად დაიწერა მეორე ნაწარმოებიც. ახალ ფილმზე ვმუშაობთ, სწორედ მასზე ვფიქრობდი და აბსოლუტურად მოულოდნელად დაიბადა მუსიკალური თემა, რომელმაც რომანტიკა, ზღვა, მზე და ყველაფრის სიყვარული გააერთიანა. საერთოდ, მუსიკა ღამე, სიმშვიდესა და სიჩუმეში იქმნება. მართალია, ხშირად მიწოდებენ კომპოზიტორს, მაგრამ მე უფრო მუსიკის ავტორი ვარ და ვერასდროს დავიჩემებ კომპოზიტორობას, რადგან კარგად ვიცი, რა განსხვავებაა ჩვენს შორის, რამდენად რთული და შრომატევადია კომპოზიტორის სამუშაო.

ოქტომბრის თვეში სამეგრელოში გავემგზავრები და  არაჩვეულებრივი ფესტივალში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში მოეწყობა, ნოემბერში – სოლო კონცერტს გავმართავ კონსერვატორიაში, მასშტაბურ საღამოს კი, რომელიც კინომუსიკას, მსოფლიო შედევრებს და ქართულ კლასიკას გააერთიანებს, სავარაუდოდ საშობაოდ გავაკეთებ.

ხშირად მეკითხებიან აქსესუარებსა და განსაკუთრებულ ტრადიციებზე. სიმართლე ვთქვა, ჩემს ბეჭდებს არანაირი დატვირთვა არ აქვს, პირიქით, აუცილებლად ვიხსნი კონცერტის წინ, რადგან დაკვრაში მიშლის ხელს. ტრადიცია კი, ბავშვობიდან მომყვება – კონცერტზე მხოლოდ იმ როიალზე ვუკრავ, რომელზეც რეპეტიცია გავიარე. ამასთანავე, რეპეტიციის დასრულების შემდეგ, კონცერტამდე საერთოდ არ ვიყურები როიალისკენ, რადგან ერთი ნოტის აღებაც კი, წარმოუდგენლად მეჩვენება.  

ირაკლი ევსტაფიშვილი – სამწუხაროდ, საქართველოში უცხოელი კომპოზიტორების მუსიკა უფრო პოპულარულია, ვიდრე ქართული კლასიკა. მეტიც, საზღვარგარეთ უფრო ხშირად სრულდება ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები, ვიდრე საქართველოში. იმედია, მსმენელი დაინტერესდება ჩვენი საღამოებით, გვეწვევა და უკეთ გაიგებს რა საგანძურის პატრონები ვართ.

27 ივნისის ჩვენ ოთარ თაქთაქიშვილის სონატას შევთავაზებთ პუბლიკას ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, რომელიც მსოფლიო პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ ხშირად ხვდება ფლეიტისტების რეპერტუარში.  სხვათა შორის, 2020 წელს ნაწარმოები ფლეიტისთვის შექმნილ ყველა დროის საუკეთესო 19 ნაწარმოებს შორის მოხვდა.

პირველ ივლისს მსმენელს თაქთაქიშვილის საერთაშორისო კონკურსის გახსნაზე შევხვდები და თათასთან ერთად დავუკრავთ, როგორც ამ კონკურსის ლაურეატები, მეორე დღეს კი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დათუნა ალადაშვილთან ერთად მოვაწყობთ კონცერტს ჩვენს ახალ სივრცეში – აუდიტორიაში.

ირაკლი ევსტაფიშვილი
ირაკლი ევსტაფიშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები