კონსერვატორიაში XVIII საერთაშორისო ფესტივალის “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში, დღეს საორგანო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ახლად რესტავრირებულ ორგანზე ცნობილი მუსიკოსი გაბრიელ (გარი) კონიაევი დაუკრავს. კონცერტზე შესრულდება ბუქსტეჰუდეს, ბიომის, ბახის, ფლეტჩერის, ვიერნისა და ბოვეს ნაწარმოებები. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
კონსერვატორიის დიდ დარბაზში, Alexander Schuke Potsdam-ის მიერ 1963 წელს დამონტაჟებული ორგანი წლების განმავლობაში გაუმართაობის გამო არ ფუნქციონირებდა. 2015 წლის აგვისტოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. 22 დეკემბრის კონცერტზე, მსმენელი წლების შემდეგ, პირველად მოისმენს რესტავრირებულ ორგანზე შესრულებულ მუსიკას.
აღნიშნული ორგანი დღემდე ერთადერთი საკონცერტო ორგანია საქართველოში. 1998 წელს საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით კომპანიამ Alexander Schuke Potsdam განახორციელა რესტავრაცია. რესტავრაციაზე უშუალოდ ალექსანდრე შუკეს შთამომავალი მუშაობდა. 2012 წელს ორგანის გაუმართავობის გამო, კვლავ შეფერხდა მასზე საკონცერტო შესრულება.