აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა 24 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
„მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა.
მხარეებმა ასევე გადაწყვიტეს, კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთში სივრცის შემცირებას დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუარესებას. ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არაინ, ითანამშრომლონ რუსეთთან იმ საკითხებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს და მოუწოდონ რუსეთს, შეეშვას კონფრონტაციულ მიდგომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბლინკენი და ბორელი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებისა და კოორდინირებული რეაგირების შესახებ იმსჯელეს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხები, ასევე უსაფრთხოება და ეკონომიკა, გლობალური დათბობა და კოვიდ-19-ის პანდემია.
