მულტიფუნქციური კომპლექსი „კოპალა წყნეთი“ წლებია მიმზიდველ ადგილად რჩება მათთვის, ვინც სიმშვიდესა და კომფორტს დედაქალაქთან ახლოს ეძებს. იმისთვის, რომ სტუმრებს თანამედროვე საკურორტო გამოცდილება შესთავაზოს და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესოპერატორის რეპუტაცია შეინარჩუნოს, მომავალი, 2026 წლიდან „კოპალა“ სერვისების გაფართოებისა და სხვა არაერთი სიახლისთვის ემზადება.
მარიამ ბერძული, მულტიფუნქციური კომპლექსის „კოპალა წყნეთი“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი:
– მულტიფუნქციური კომპლექსი „კოპალა წყნეთი“ 2008 წელს გაიხსნა და მისი უნიკალურობა, გახსნის დღიდან ამ დრომდე, მდგომარეობს იმაში, რომ სტუმრებს ბევრ გამორჩეულ სივრცეს ვთავაზობთ, ანუ ადამიანს ერთი სტუმრობით ბევრი სერვისის მიღება შეუძლია ქალაქის ხმაურისგან განსატვირთად, თბილისთან ახლოს, საკურორტო ზონაში.

სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის გამო, რომელიც ყველა ბიზნესს შეეხო და არც „კოპალა“ ყოფილა გამონაკლისი, ჩვენი სერვისების გადაწყობა მოგვიწია. ამან გავლენა იქონია მომხმარებლის ქცევაზე, შემოგვაკლდნენ ჩვენი მუდმივი სტუმრები და კომპლექსის განსაკუთრებულობაც დროებით მიიჩქმალა. სწორედ პანდემიის პერიოდმა გვაჩვენა, როგორი შეიძლება იყოს ბიზნესის ქცევა ფორსმაჟორში. ეს იმდენად დიდი გამოცდილება იყო ყველასთვის, რომ დღეს უკვე არსებობს მზაობა, როგორ მოიქცე, რათა ბიზნესი არ დარჩეს ბაზრის მიღმა და შეინარჩუნო საკუთარი ნიშა.
კოვიდ პანდემიის შემდეგ ვცდილობთ, ვიყოთ აქტიურები, გამორჩეულები და ყველასთვის თვალში მოსახვედრი კომპლექსი, როგორც თავისი უნიკალურობით, ასევე ჩვენი გუნდის ძალისხმევით. ბოლო ერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიით ვახსენებთ „კოპალასთან“ დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებს ძველ მომხმარებლებს, ასევე ვცდილობთ, მივწვდეთ ახალ სამიზნე ჯგუფებსაც.

გარდა ქართველი მომხმარებლებისა, გვყავს უცხოელი სტუმრებიც, რადგან შესაბამის პლატფორმებზე გვაქვს განთავსებული ჩვენ შესახებ ინფორმაცია. უცხოელი ვიზიტორების ძირითადი მოთხოვნა არის ავთენტურობა, რასაც ვაკმაყოფილებთ ჩვენი გამორჩეული ინტერიერ-ექსტერიერით. გარდა იმისა, რომ სტუმრებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია მომსახურების შეთავაზება, ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი არის გარემო, რომელსაც „კოპალას“ გუნდი ქმნის. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ მომხმარებლები ხშირად ბრუნდებიან ჩვენთან.
რაც შეეხება „კოპალას“ სერვისებს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სასტუმრო, გვაქვს გასართობი ზონა, რომელშიც შედის ამერიკული ბოულინგი (რომელიც გამორჩეულია თბილისის და თამამად შემიძლია ვთქვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ამ ეტაპზე ახლდება), მაგიდის ტენისი, ბილიარდი, სათამაშო აპარატების სივრცე, საბავშვო გასართობი სივრცე (ბატუტით, ლაბირინთით და ა.შ.). ასევე გვაქვს აუზი, რომელიც უკვე განახლებულია და ოთხი კონცეფციის რესტორანი (ქართული, ევროპული, ივენთ ჰოლი კორპორაციული ღონისძიებებისთვის და ახლახან გახსნილი მცირე ლაუნჯი).

2025 წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვცადეთ კომპლექსის განახლება, მივედით კიდეც კონკრეტულ შედეგებამდე, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, მით უფრო, რომ „კოპალა“ წყნეთის, წავკისის, ტაბახმელის ტერიტორიაზე ერთადერთი კომპლექსია მრავალფეროვანი მომსახურებით. განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს გამოადგებათ ის სიახლეები, რასაც შევთავაზებთ მომავალი წლიდან, ამიტომ თვალი უნდა ადევნონ „კოპალას“ გვერდებს სოციალურ ქსელებში, რომლებიც ჩვენი ძირითადი საკომუნიკაციო წყაროა. გარდა ამისა, გვექნება ბევრი შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვისაც, B2B მიმართულებას ვგულისხმობ, შესაბამისად, ყველა კომპანიას ვურჩევდი მოგვისმინონ, ითანამშრომლონ ჩვენთან.