28 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის ორგანიზებით, მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში, კორეული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, უფასო სასწავლო კურსი დაიწყება.
კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ტრადიციული კორეული ყოფითი, თუ კულტურული წარსული და აწმყო და მისი თანამედროვეობასთან თანხვედრა.
პროგრამა მოიცავს ოთხ მიმართულებას: ტრადიციული ხელსაქმე – ხელნაკეთი ნივთების დამზადების ტექნიკის გაცნობა და შექმნა, K-Pop – კორეული პოპკულტურისა და ცეკვის მასტერკლასი, ტრადიციული თამაშები – კორეული ეროვნული თამაშების თავისებურებების გაცნობა და მონაწილეობა და კორეული კულინარია –კერძების მომზადება და დეგუსტაცია.
სულ 8 შეხვედრა ჩატარდება, 2-2 საათის განმავლობაში. დასაწყისი 15:00 საათზე. ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია საბაზისო ტექნიკური ინგლისურის ცოდნა.
მისამართი: ვაჟა ფშაველას 99, მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში მდებარე საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი.
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.
პროექტი ხორციელდება World Friends Korea – IT მოხალისეების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სტუდენტებს სამხრეთ კორეიდან. პროგრამას ახორციელებს – კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტო (National Information Society Agency – NIA), მხარდამჭერია კორეის მეცნიერების, ICT და მომავლის დაგეგმვის სამინისტრო (Ministry of Science, ICT & Future Planning).