“მეორე უფრო ძლიერი ტალღის ალბათობა რეალურია”, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მან კორონავირუსის გავრცელების და სამომავლო ეპიდსიტუაციის სამი ძირითადი სცენარი განიხილა.
როგორც ჩხაიძე აცხადებს პირველი სცენარის მიხედვით, ახლა არსებული ვირუსის ტალღა ყველაზე ძლიერია და შემდგომი, შედარებით სუსტი ტალღა, ნაკლები ინფიცირების შემთხვევებით, შემოდგომა-ზამთარში იქნება.
“დღეისთვის არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც მეორე და მესამე ტალღის არსებობას უარყოფს. პირიქით. ძირითადი აქცენტი კეთდება არა იმაზე, იქნება თუ არა მეორე და მესამე ტალღა, არამედ იმაზე, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები. სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს. ყველაზე ხშირად სამი სცენარი განიხილება. პირველი გახლავთ ის, რომ ახლანდელი ტალღაა ყველაზე მაღალი და მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება მოკლევადიან პერიოდს. ეს ეხება ორწლიან პერიოდს, როდესაც ჩვენ ახალი კორონავირუსის არსებობას ვაფიქსირებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მოცულობითა და სიხშირით. ეს არ არის ერთი ქვეყნის, ეს არის ის, რასაც ელოდება მსოფლიო. გავიმეორებ, რომ ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ სწორედ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა. მეორე ტალღის მოლოდინი ძირითადად შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, როდესაც ზოგადად რესპირატორული ვირუსების მატებაა. ფიქრობენ, რომ ანალოგიური მატება იქნება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მხოლოდ გაცილებით ნაკლები სიხშირის ინფიცირებით”, – აცხადებს ჩხაიძე
მეორე და ცუდი სცენარის მიხედვით კი, რომელიც, როგორც ჩხაიძე აღნიშავს, საკმაოდ რეალურია, წინ ვირუსის უფრო ძლიერი ტალღა გველოდება.
“მეორე სცენარით, რომელიც ასევე განიხილება,შესაძლებელია მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი. ამ დასკვნების უკან დგას 2009-10 წწ. გრიპის H1N1 ვირუსით გამოწვეული პანდემია. პანდემიის პირველ წელს 2009-10 წწ. საქართველოში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მომდევნო წელს ორჯერ მეტი. ასე რომ, მეორე უფრო მაღალი ტალღის ალბათობა რეალურია”, – აცხადებს ის.
რაც შეეხება მესამე სცენარს, ივანე ჩხაიძე ეფიქრობს, რომ ამ სცენარის მიხედვით მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ოღონდ გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის და შესაძლებელია რამდენიმე მატება დაფიქსირდეს. მისი თქით, ეს მოსაზრება იმ გამოცდილებას ეფუძნება, რაც 1918 წელს ე.წ. ესპანური გრიპის მაგალითზე არსებობს. ეს ვირუსი ორი წლის განმავლობაში გავრცელდა და მაშინაც რამდენიმე ტალღა აღინიშნა.