ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული.
„დადებით ფაქტორად შეიძლება, აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქედან საშუალოდ 4 300-დან 4 500 საწოლამდეა დაკავებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ ხდება ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა 4,5%-მდე.
საწოლები გადანაწილებულია, როგორც პედიატრიულ კლინიკებში, ასევე მოზრდილებისთვის. პედიატრიულ კლინიკებში გაზრდილი მოთხოვნა, ვფიქრობთ, უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და აქედან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ და დღეისთვის აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია“, – განაცხადა აზარაშვილმა.
რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, აზარაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულები. მისი თქმით, ასევე შეიქმნება სახლის პირობებში კოვიდის მკურნალობის ვიდეო გაიდლაინი.
როგორც მინისტრი ამბობს, ასევე, ბოლო ერთ კვირაში გაიზარდა ოჯახის ექიმების აოდენობა და დაემატა რამდენიმე ქოლცენტრის ოპერატორი.
“ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა გვაქვს ამ საკითხში და უნივერსიტეტის ბაზაზე არიან დასაქმებული, უწევენ ონლაინ კონსულტაციებს კოვიდინფიცირებულებს. ასევე, ვაპირებთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, რომელიც გულისხმობს ვიდეორგოლების დამზადებას, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, რადგან, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი მიმდინარე სეზონური გრიპი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ სახლის პირობებში, როგორ უნდა იმკურნალონ, ხოლო ქრონიკული ან მაღალი რისკჯგუფის პაციენტებს ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი, რომ ბინაზე იმკურნალონ, მაშინ მაქსიმალურ კონსულტაციებს ვუწევთ.
ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ კვალიფიციური ოჯახის ექიმების დიდი რაოდენობა და ასევე ქოლცენტრის ოპერატორები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.